2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებების, საჩივრების დასაშვებობასა და არსებით მხარესთან დაკავშირებით პირველადი პოზიციის წარდგენის ვადა მთავრობას მიმდინარე წლის მაისში აქვს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
„აღსანიშნავია, რომ ამ საჩივრების ნაწილი შესულია 2024 წლის ბოლოს და ნაწილი 2025 წლის დასაწყიში, თუმცა ევროპული სასამართლო მას განიხილავს სტანდარტული პროცედურით დაჩქარების გარეშე. შესაბამისად, მთავრობას მიმდინარე წლის მაისში აქვს ვადა, წარადგინოს საკუთარი პოზიცია. შემდეგ მომჩივნებს ექნებათ შეპასუხების შესაძლებლობა და საბოლოო პოზიციას ისევ საქართველოს მთავრობა წარადგენს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ საჩივრებიდან დგინდება, რომ მათ ნაწილს, ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვიათ ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით მომხდარიყო არჩევნების შედეგების შეჩერება, რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება თვითონ საჩივრების შინაარსს, მომჩივნების ნაწილი დავობს, თითქოს ადგილი ჰქონდა ხმის უფლების ფარულობის დარღვევას, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაირღვა, რადგან არ მოხდა უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.ევროპული სასამართლოს კითხვებს რაც შეეხება, სასამართლო დაინტერესდა, რამდენად არსებობს რაიმე მტკიცებულება ხმის უფლების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. ასევე რამდენად შეიძლება, ზოგადად ირღვეოდეს ეს უფლება იმის გამო, რომ სახელმწიფო არ ხსნის უფრო მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ევროპული სასამართლო ასევე სვამს კითხვას, საია, არასამთავრობო ორგანიზაცია როგორც დამკვირვებელი, რამდენად შეიძლება, იყოს მომჩივანი ამ საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის განხილვა ევროპული სასამართლოს მიერ, რადგან ჩვენ გვექნება ავტორიტეტული ორგანოს სამართლებრივი შეფასება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საბოლოოდ წერტილი უნდა დაესვას 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ყველა სპეკულაციას. მანამდე კი, ყველა აქტორს, შიდა და გარე აქტორს მოუწევს, პატივი სცეს ევროპულ სასამართლოს, დაელოდოს მის პროცედურებს და არ გააკეთონ რაიმე სპეკულაციური შეფასებები აღნიშნულ საკითხზე. ასევე ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ იქნება პრეცედენტული, რადგან რასაც გადაწყვეტს ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, არჩევნები ელექტრონული ფორმით ჩატარებასთან დაკავშირებით და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობასთან დაკავშირებით, ეს იქნება პრეცედენტული და გავრცელდება ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოზეც“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
მისივე თქმით, დგინდება, რომ მათ ნაწილს, ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვიათ ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით მომხდარიყო არჩევნების შედეგების შეჩერება, რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლო მხარეებს უსვამს კონკრეტულ შეკითხვებს:
„1) აქვთ თუ არა მომჩივნებს რაიმე მტკიცებულება, რითაც დაადასტურებენ, რომ დაირღვა მათი ხმის უფლების ფარულობა; 2) რამდენად არის შესაძლებელი, რომ თავისუფალი არჩევნების უფლება (პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი) დაირღვეს იმის გამო, რომ საზღვარგარეთ არ გახსნილა მეტი უბანი; 3) შეუძლია თუ არა საია-ს, როგორც დამკვირვებელს, იდავოს თავისუფალი არჩევნების უფლების შესაძლო დარღვევაზე“.




