„მარია ზახაროვას გუშინდელი მორიგი განცხადება იმის შესახებ, თითქოს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მხოლოდ „სააკაშვილის ტრაგიკული მემკვიდრეობის ნაწილია“, შერჩევითი ისტორიული მეხსიერების კლასიკური მაგალითია,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტმა შექმნა პოლიტიკური კვანძი, რომელსაც ორივე მხარე წმინდა ეგოისტური მიზნებისთვის იყენებს.
„მარია ზახაროვას გუშინდელი მორიგი განცხადება იმის შესახებ, თითქოს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მხოლოდ „სააკაშვილის ტრაგიკული მემკვიდრეობის ნაწილია“, შერჩევითი ისტორიული მეხსიერების კლასიკური მაგალითია. როდესაც ანალოგიური ფორმულირება „ტრაგიკული მემკვიდრეობის“ შესახებ გამოიყენეს ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ უკრაინის სსრ-თვის ყირიმის გადაცემასთან მიმართებით, რუსეთის ხელისუფლებას არაფერმა შეუშალა ხელი, რომ 2014 წელს სტატუს-კვო კარდინალურად შეეცვალა და ისტორია თავის სასარგებლოდ გადაეწერა.
თუმცა საქართველოს შემთხვევაში მოსკოვი ამჯობინებს მოხერხებულ რიტორიკას ამოეფაროს: დასავლეთს ყოველ ჯერზე „ორმაგ სტანდარტებში“ ადანაშაულებს, ხოლო თვითონ მათი სათავისოდ გამოყენების იდეალურ ნიმუშს ავლენს, წლების განმავლობაში ეყრდნობა რა საქართველოს პოლიტიკური ასპარეზიდან დიდი ხნის წინ წასული ექს-პრეზიდენტის ქმედებებს და უარს ამბობს ვითარების გამოსასწორებლად რეალური ნაბიჯების გადადგმაზე. სწორედ ამ პოზიციის პასუხი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მკაცრი განცხადება, რომელმაც მკაფიოდ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთი უკან წაიღებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას.
დღეისათვის სწორედ დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რჩება ნებისმიერი სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისი დიალოგის მთავარ და უცვლელ წინაპირობად. ამ მიმართულებით ნაბიჯების გარეშე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან „ტრაგიკულ მემკვიდრეობაზე“ საუბარი სხვა არაფერია, თუ არა გაჭიანურებულ კრიზისზე პასუხისმგებლობის ექსკლუზიურად ქართულ მხარეზე გადაბრალების მცდელობა. ამ სიტუაციის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ კრემლის კატეგორიული უარი 2008 წლის გადაწყვეტილებების გადახედვაზე, როგორც „მიუღებელ ნაბიჯზე“, დღეს სრულ უნისონშია ქართველი რადიკალების ინტერესებთან.
თბილისის რადიკალურ ოპოზიციას თანაბრად არ აწყობს როგორც მოქმედი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რეალური აღდგენა, ისე რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური კავშირების ნორმალიზება, რადგან ეს მათ მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტსა და ეგზისტენციალურ ნარატივს დააკარგვინებს.
შედეგად, რუსული დიპლომატიური შეუვალობა ხდება მთავარი საწვავი საქართველოს შიგნით არსებული რადიკალური ძალებისთვის, რომლებიც სიტყვით რუსულ გავლენას ებრძვიან, საქმით კი დაკონსერვებულ კონფლიქტზე პარაზიტობენ. სწორედ ამაში მდგომარეობს სააკაშვილის მემკვიდრეობის მთავარი, ჭეშმარიტად ტრაგიკული ნაწილი როგორც თვითონ რუსეთისთვის, ისე მისი „სასარგებლო იდიოტებისთვის“ ქართული რადიკალური ოპოზიციის სახით. ექსპრეზიდენტმა შექმნა პოლიტიკური კვანძი, რომელსაც წლების შემდეგ ორივე მხარე წმინდა ეგოისტური მიზნებისთვის იყენებს: მოსკოვი, როგორც მოხერხებულ საბაბს, არ დააბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები და გაამართლოს თავისი გეოპოლიტიკური მადა, ხოლო ქართველი რადიკალები, როგორც მუდმივ მიზეზს დესტაბილიზაციისა და ნებისმიერი კონსტრუქციული სახელმწიფოებრივი განვითარების დაბლოკვისთვის,“ - წერს დავით ქართველიშვილი.