საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა „მეტი სიმართლის საჭიროებაზე“. დეპუტატის თქმით, „ხალხის ძალას“ დიდი როლი მიუძღვის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებასა და 5 რევოლუციის თავიდან აცილებაში.

დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მისამართით, „ხალხის ძალა“ მწარე სიმართლის გაჟღერებასაც არ მოერიდება. 

„რიგ საკითხებთან დაკავშირებით ვცდილობდით, ნაკლები საჯაროობით, გუნდის შიგნით გვესაუბრა, რამაც თანდათან აზრი დაკარგა. პოლიტიკაში "ღიაობა" ინსტრუმენტია, რასაც აქტიურად გამოვიყენებთ. იქნება ღია მხარდაჭერაც და იქნება ღია კრიტიკაც.“ - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შესაძლოა რუსეთ-ევროპას შორის დაიწყოს ღია სამხედრო დაპირისპირება. ხუნდაძის სიტყვებით, ასეთი დაძაბულობის ფონზე, ხელისუფლების მხრიდან არაა საკმარისი მხოლოდ ზედაპირული განცხადებები და „ნახევარი ქმედებები“.

„მოგესალმებით კოლეგებო. დაიწყო საგაზაფხულო სესია. სიახლეები ბევრია, ზოგი კარგი, ზოგიც ცუდი. კარგია, რომ ამ არეულ მსოფლიოში საქართველო მშვიდობას ინარჩუნებს და ამავე დროს ეკონომიკურადაც  ძლიერდება. მშვიდობის შენარჩუნება, 5 რევოლუციისა და არეულობის თავიდან აცილება „ხალხის ძალამ" უდიდესი ენერგიით შეძლო, თუმცა ამაზე დღეს ცოტა ვინმე თუ საუბრობს. 

დიახ, სწორედ "ხალხის ძალამ" თქვა მეტი სიმართლე და ამ სიმართლით გაიგო საზოგადოებამ, თუ რა საფრთხის წინაშე დგებოდა ჩვენი სამშობლო და თავად ხალხი. ეს იყო მსხვილად დაფინანსებული აგენტურის მიერ დაგეგმილი, სასიცოცხლოდ სახიფათო თამაში, რომელსაც წინ "ხალხის ძალა " გადაეღობა. 
პარალელურად, ხელისუფლებამ პროცესები სწორად მართა, მაგრამ ცუდია, რომ ის  ოპონირების გარეშეა დარჩენილი, რაც გარკვეულ რისკებს შეიცავს. შეცდომები თანდათან მატულობს და "ხალხის ძალის" მეტი სიმართლის აუცილებლობა კვლავ დგება. ეს ასევე დასტურდება პრემიერის შემოთავაზებითაც, რომ ოპონირებისთვის დებატები აუცილებელია. როგორც ჩანს, „მეტი სიმართლის" საჭიროება მანაც დაინახა. მაგრამ მინდა ღიად ვთქვა, რომ ჩვენი სიმართლე, ხშირ შემთხვევაში, იქნება მწარეც. 

რიგ საკითხებთან დაკავშირებით ვცდილობდით, ნაკლები საჯაროობით, გუნდის შიგნით გვესაუბრა, რამაც თანდათან აზრი დაკარგა. პოლიტიკაში "ღიაობა" ინსტრუმენტია, რასაც ჩვენ  აქტიურად გამოვიყენებთ - იქნება ღია მხარდაჭერაც და იქნება ღია კრიტიკაც.
ნახევარი სიმართლე არ ივარგებს.

საგარეო ველზეც მეტი ყურადღებაა საჭირო. დიდი ალბათობით რუსეთ-უკრაინის ომი შემდგომ ფაზაში გადავა და მასშტაბი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და სავარაუდოდ, ალბათ, ის რუსეთ-ევროპის ღია საომარ დაპირისპირებად ჩამოყალიბდება. ევროპისგან თავად აშშ-ც დისტანცირდა და ამიტომ, ჩვენც დროულად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავეცალოთ საფრთხეს.

ირანის საკითხი, კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ვითარებას, რადგან შესაძლო კონფლიქტი მთელი რეგიონის უსაფრთხოების საკითხს კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.