"ყველანი ვხვდებით, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ყელში აქვთ გაჩხერილი ჩვენს ზოგიერთ პარტნიორს, ეს მათთვის დიდი თავის ტკივილია," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

"დემოკრატიის ცუდ მხარეს გვთავაზობს მიხეილ სააკაშვილის ბიძა ამერიკიდან.

შეუძლებელია თემურ ალასანიამ არ იცოდეს, რომ რუსეთთან საქართველოს ომი საქართველოს სრული ანექსიაა რუსეთის მხრიდან. და იქნებ სწორედ ეს სურს?  ომისკენ მოუწოდებს სააკაშვილის ბიძა ქართველ ემიგრანტებს უკრაინის ფონზე, სადაც მთელი მსოფლიო ხედავს, როგორ მიიტაცა რუსეთმა უკვე სამი ოლქი და როგორ  დაყაბულდა ამას ფაქტობრივად  დასავლეთი, რადგან არც ამერიკის სენატმა აღარ გამოუყო დახმარება ზელენსკის მთავრობას და ევროკავშირშიც ეს საკითხი უნგრეთმა ჩააგდო. გამოდის, რომ უკრაინა უნდა შეეგუოს ამ ბედს - დაკარგულ ტერიტორიებს და მხოლოდ ასე შეიძლება მიიღონ ევროკავშირშიც და ნატოშიც.

ყველანი ვხვდებით, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ყელში აქვთ გაჩხერილი ჩვენს ზოგიერთ პარტნიორს, ეს მათთვის დიდი თავის ტკივილია. ამიტომ, უმჯობესია უკრაინის მსგავსად, საბოლოოდ აჩუქონ რუსეთს და ეს პრობლემა მარტივად მოაგვარონ. ომი რუსეთთან სწორედ ამისთვის უნდათ. როგორც ჩანს,  ეს შედის რუსეთის და ასევე, კიდევ სხვების ინტერესებშიც.

მინდა მივმართო საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე სისხლიანი პრეზიდენტის გამზრდელს, თემურ ალასანიას: - საუბედუროდ, თქვენ ქართველი ხალხის მოტყუებით ერთხელ შეძელით ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გაანადგურეთ საქართველო. საბედნიეროდ, ისევ ქართველმა ხალხმა წაგართვათ ეს ძალაუფლება და გადასცა ღირსეულ გუნდს, რომლისთვისაც სამშობლო უპირატესია. სანამ საქართველოს მშვიდობიანი ისტორია წარმატებით იწერება, თქვენ ვეღარასდროს მოახერხებთ ისევ ტყუილებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, თქვენი სისხლიანი რეჟიმი წარსულს ჩაბარდა.

რაც შეეხება აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, აუცილებლად დავიბრუნებთ მშვიდობით და არა ომით, სიყვარულით და არა სიძულვილით. დიახ, ესეც შესაძლებელია გონივრული პოლიტიკით და თუ როგორ, ამას მალე ნახავთ," - წერს ხუნდაძე.

ცნობისთვის, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკას იწუნებს.

ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა. 

„დემოკრატიასაც აქვს ძალიან ცუდი თვისებები. მაგალითად, ერთ-ერთი ცუდი თვისება არის, როდესაც ვიძახით, რომ აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ მარტო მშვიდობიანი გზით. კი, რა საკვირველია. მაგრამ რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე? სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება? მოდით, შევულოცოთ ახლა, ერთად ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. არ მოხდება“, - მიიჩნევს ალასანია.