საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის და ბაზრის კვლევის დეპარტამენტის ექვსი თვის საქმიანობის ეფექტი შეადგენს 300 მილიონამდე ლარს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ძირითადად არის დაუსაბუთებელი შესყიდვები, გაუმართავი ტექნიკური და სატენდერო დოკუმენტაციები, რომლებიც დაუბრუნდა შემსყიდველ ორგანიზაციებს.
„ეს არის პირდაპირი ეკონომიები. ჩვენ მივაწოდეთ ალტერნატიული მოსაზრება, რომ შეემცირებინათ კონკრეტული ღირებულებები. თითოეული ლარი მიმართული იქნება შესაბამის ეკონომიაში. ასევე, მნიშვნელოვანია მიმდინარე რეფორმები, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავრობის ადმინისტრაცია. ერთ-ერთი გახლავთ ბაზრის კვლევის MRS მოდული, რომელიც თავისი შინაარსით უნიკალურია. დღეს უკვე 60 000-მდე ეკონომიკურ ოპერატორს შეუძლია კონკურენტულ გარემოში ჩაერთოს ბაზრის კვლევის პროცედურებში. მნიშვნელოვანია შესყიდვების ორგანოს შექმნა, რომელიც პირველი ივნისიდან ჩაეშვება და მნიშვნელოვან სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს. ასევე მნიშვნელოვანია სამშენებლო სამუშაოების ღირებულება და ჩვენ უკვე განვაახლეთ შრომის ანაზღაურების კომპონენტი სამშენებლო სამუშაოების ნაწილში. 2026 წლის განმავლობაში ჩვენ ასევე განვაახლებთ მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ღირებულებას და საერთო ჯამში, ჩვენი შესყიდვა, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში იქნება სრულიად კონკურენტული კერძო სექტორთან მიმართებით“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია შესყიდვის სპეციალური წესი, რომლის ფარგლებშიც ყველა სახელმწიფო კომპანიისათვის ერთი შესყიდვის წესი დადგინდა და შედეგად 100 მილიონი ლარი შესყიდვის სპეციალური წესიდან საჯარო შესყიდვებში გადავიდა.
„ამას ძალიან დიდი ეფექტი ექნება ვაჭრობის დროს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2026 წელს ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ ანტიკორუფციული რეფორმების უკვე მეორე პაკეტს, რომელიც უფრო ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანი იქნება. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საჯარო შესყიდვების მთლიან სივრცეს საქართველოში“, - აღნიშნა გურამ დუმბაძემ.




