„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ყველა მუნიციპალიტეტში შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობა, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების. დღეს სოფელ ღრმაღელესა და ნიგვზიანში დავათვალიერეთ საბავშვო ბაღები, რომლებიც უკვე ორშაბათიდან მიიღებენ აღსაზრდელებს. აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას გურიის რეგიონში მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის. ამასთან, არსებობს გარკვეული გამოწვევები შეჩერებულ მშენებლობებთან დაკავშირებით, რაც რიგი სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობას უკავშირდება -ზოგიერთ შემთხვევაში დაწყებულია სისხლის სამართლის წარმოებაც. ვმუშაობთ, რათა შეჩერებულ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები დროულად განახლდეს“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის შემდეგ.
გურიის რეგიონში, სოფელ ღრმაღელესა და ნიგვზიანში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა. სააღმზრდელო პროცესი ახალ ბაღებში ორშაბათიდან დაიწყება.
დასრულებული პროექტები საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში დასრულდა 50 ბავშვზე, ხოლო სოფელ ნიგვზიანში — 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ შენობებში გათვალისწინებულია სკოლამდელი განათლებისთვის აუცილებელი ყველა პირობა — სასწავლო, საძინებელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, შიდა და გარე სათამაშო ზონები და რეკრეაციული სივრცეები.
ახალ საბავშვო ბაღებში ბავშვებისთვის შეიქმნა უსაფრთხო, კომფორტული და მათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.
მინისტრი ასევე გაეცნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესს. პროექტი ითვალისწინებს ბავშვების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას. განახლებულ ბაღში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო და მოსასვენებელი ოთახები, სათამაშო და რეკრეაციული ზონები, ეზო და სათამაშო მოედნები. შენობის ყველა სივრცე ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.




