ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

"შეგახსენებთ, როგორი იყო 2025 წელი, მათ შორის, როცა რეპრესიებზე საუბრობენ. ერთადერთი ქვეყანა გახდა მსოფლიოში საქართველო, სადაც 2025 წლის განმავლობაში, პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ერთი წელი გადაკეტილი იყო დედაქალაქის ცენტრალური გამზირი. მერე როცა კანონი მივიღეთ ამის წინააღმდეგ, ამას დაარქვეს დრაკონული კანონი შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ. დამისახელეთ, მათ შორის ევროკავშირის ერთი წევრი ქვეყანა, სადაც ერთი წლის და მეტი ხნის განმავლობაში 150, 100 და ხან 50 კაცს გადაკეტილი ჰქონდა დედაქალაქის ცენტრალური გამზირი და მერე ვილაპარაკოთ ამ დასკვნის ობიექტურობაზე.

კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება ეს დასკვნა, ინტერესი იყო ის, რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან ჩვენ მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა და მერე ამას უწოდეს დრაკონული კანონები. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც რუსული კანონი უწოდეს და რომელიც უცხოურ აგენტურას უპირისპირდებოდა. ეს არ მოსწონს იმ ბიუროკრატიას, რომელიც მოქმედებს ე.წ. დიფ სთეითის, გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად. ეს არის რეალურად მიზეზი, თუ რატომ გამოხატავენ კონკრეტული ბიუროკრატები გულისტკივილს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.