"სამწუხაროდ, ევროპის კონტინენტზე 2008 წლის შემდეგ სიტუაცია თანდათანობით უარესობისკენ შეიცვალა, რაც ევროპულ პოლიტიკაზე ე.წ. „დიპ სტეიტის“, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენის ზრდას პირდაპირ უკავშირდება. მას შემდეგ, რაც დაიწყო ევროკავშირისა და კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების სუვერენიტეტის დრამატული შესუსტებისა და ევროპული დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის პროცესი, მას შემდეგ, რაც ევროპაში ღრმად გაიდგა ფესვები აგენტურის მმართველობამ და ფსევდოლიბერალურმა ღირებულებებმა, არაფორმალურმა მმართველებმა თავად წარმოქმნეს ხელოვნური პრობლემები, როგორიცაა ლგბტ და გენდერული იდენტობის საკითხები, „მწვანე პოლიტიკა“ და სხვა, და თავადვე შესთავაზეს საზოგადოებას ამ ხელოვნური პრობლემების გადაჭრის გზები." - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
"ამ პროცესში მათ ხალხს არჩევანის საშუალება წაართვეს, რეალური პრობლემებიდან ყურადღება მოგონილ, აბსურდულ საკითხებზე გადაატანინეს და შედეგად მივიღეთ ის, რომ ევროპულ პოლიტიკას დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საყრდენი, ჯანსაღი დებატები მთლიანად გამოეცალა.
არაფორმალური მმართველები ევროპული ქვეყნების დასაქვემდებარებლად, იარაღის ნაცვლად, ე.წ. რბილ მეთოდს, ხალხის ცნობიერებაზე იდეოლოგიურ და ინფორმაციულ ზეწოლას იყენებენ, ამ მიზანს კი, ჯანსაღი დებატები, ვითარების საჯარო კრიტიკა და ანალიზი პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამიტომ, ამ „პრობლემის“ მოგვარებაზე საკმაოდ დიდი დრო, რესურსი და ენერგია დაიხარჯა. განსაკუთრებით 2020 წლიდან, წამყვან ევროპულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ერთი მეორის მიყოლებით დაიხურა ცნობილი, რეიტინგული და პოპულარული დებატები, შესაბამისად საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაქრა დისკუსიისა და განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა.
ევროპული დემოკრატიის განადგურების მიზნით, არაფორმალურმა მმართველებმა წარმატებით ჩაახშეს განსხვავებული აზრი და დახურეს უმნიშვნელოვანესი პლატფორმები, სადაც ამ განსხვავებული აზრის გამოთქმა და საზოგადოებამდე მიტანა იყო შესაძლებელი." - წერს ირაკლი კობახიძე "ფეისბუკში" რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის "ქართველ" აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს




