ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ - შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით.
ავიაკომპანიამ განცხადება გიორგი ბაჩიაშვილის საპასუხოდ გაავრცელა, რომელმაც დღეს, სასამართლო პროცესზე დაკავების დეტალებზე პირველად ისაუბრა და თქვა, რომ გაიტაცეს და ამ საქმეზე გამოძიებას ითხოვს.
"ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” მინიმუმ 3-4 ჯერ კვირაში ასრულებს კერძო პირების და სხვა სტრუქტურების მიერ შეკვეთილ ჩარტერულ რეისებს. აღნიშნული ჩარტერული რეისების შეკვეთებს აფორმებს ავიაკომპანიის კომერციული განყოფილება. კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს.
გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. აღნიშნულ პროცესს ბევრი შესაბამისი სტრუქტურა აკონტროლებს და მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და აზრს მოკლებულია,"- აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.
გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა შეეფარდა - სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის, 8 986.86 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია