თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობას ეხება. მიუხედავად იმისა, რამდენი იქნება ჯარიმა, გავზრდით თუ შევამცირებთ მის ოდენობას ამა თუ იმ სამართალდარღვევაზე, ამ მექანიზმს ვერ ექნება პრევენციული ხასიათი, თუ პროცესი არ მივიდა ბოლომდე. სამწუხაროდ, პრაქტიკაში გამოიკვეთა სხვადასხვა გარემოება. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როდესაც სამართალდამრღვევი გამოწერილ ჯარიმას მიზანმიმართულად არ იბარებს. შესაბამისად, ჭირს აღსრულებაც. ჩვენ მივმართეთ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევს მხარდაჭერისთვის. შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაითვლება ჩაბარებულად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა და უკვე დამტკიცებულია, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კი მიღებული იქნება კონკრეტული წესი, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება.
„აღნიშნული წესის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გაეგზავნება საჩივრის ავტორს, საჩივარში მითითებულ მისამართზე. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდა ავტორს, ის უკვე გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე - Decisions.tbilisi.gov.ge. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩაბარებულად და შესაბამისად გაცნობილად მიიჩნევა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. ვფიქრობთ, აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კანონის სრულყოფილად აღსრულებას და არაკეთილსინდისიერი დამრღვევების მიმართ იქნება პრევენციული ხასიათის მატარებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის დაჯარიმება არ გვიხარია, თუმცა კანონს უნდა დავემორჩილოთ. კანონდარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და მის შესაბამისად“, - განაცხადა კახა კალაძემ.




