შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ამავე დეპარტამენტის ლაგოდეხის და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან - 1993 წელს დაბადებული ბ.ა. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1979 წელს დაბადებული ს.ს., 1973 წელს დაბადებული თ.ნ., 1968 წელს დაბადებული კ.ქ. და 1965 წელს დაბადებული დ.მ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და ფერმის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“, და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ხოლო ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.