აშშ-ის პრეზიდენტის წერილი კარგი პირველი ნაბიჯია, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს ნაბიჯი გადაითარგმნოს ამერიკის ახალ პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
"წერილს არც გავაზვიადებდი და არც დავაკნინებდი. არ დავაკნინებდი, რადგან ეს ცალსახად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. იმედი გვაქვს, ამით ის უაზრო პოლიტიკური პროპაგანდა დასრულდება, რაც მთავრობის ვითომ აღიარება-არაღიარებას ეხება. მეორეს მხრივ, წერილის მნიშვნელობას არც ზედმეტად გავაზვიადებდი იქიდან გამომდინარე, რომ ეს კარგი პირველი ნაბიჯია, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს ნაბიჯი გადაითარგმნოს ამერიკის ახალ პოლიტიკაში. იმედია, ეს არის პირველი ნაბიჯი ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. საქართველოს პრემიერმა წერილშიც განაცხადა, რომ გადატვირთვა რაღაც ნაბიჯებში უნდა გამოიხატოს. სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით უნდა გამოიხატოს და კონკრეტულ აქტივობებზე უნდა შევთანხმდეთ“, – გაანაცახდა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, სადაც აღნიშნულია, "ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. "