შესყიდვების დეპარტამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, მხოლოდ 6 თვეში, შევძელით, დაახლოებით, 300 მლნ ლარის დაზოგვა, მთავრობის ადმინისტრაცია ამ ორი დეპარტამენტის მეშვეობით ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი 2025 წლის მეორე ნახევრიდან შეიქმნა, ასევე რეფორმირდა შესყიდვების სამსახური, კერძოდ შესყიდვებს დაემატა ბაზრის კვლევის ელემენტი და ამ ორი დეპარტამენტის მეშვეობით მთავრობის ადმინისტრაცია არაერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას ახორციელებს.

ლევან ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა ახალ ინიციატივებს, კერძოდ ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს შექმნას, ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდულს (MRS), რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდა და სამშენებლო ფასების რეფორმას, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება.

„მნიშვნელოვანია, რომ თუ ადრე მთავრობის ადმინისტრაცია ითანხმებდა მხოლოდ ავტომობილების, კომპიუტერული ტექნიკისა და ავეჯის შესყიდვას, დაემატა უმნიშვნელოვანესი - სამშენებლო მიმართულება და მასზე ზედამხედველობა, წინასწარი შეთანხმება, ვიდრე გამოცხადდება სამშენებლო პროექტები და ტენდერები. მარტო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტს თუ ავიღებთ - 4 მლრდ-ის შესყიდვებზეა საუბარი, ასევე დაემატა სპეცტანსაცმლის შესყიდვები და ა.შ. ანუ გაფართოვდა წრე იმ კოდებისა, რომელსაც ითანხმებს მთავრობის ადმინისტრაცია. ჯამში, შესყიდვების დეპარტამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, მხოლოდ 6 თვეში, საქმიანობის ეფექტმა მოგვცა 300 მლნ ლარამდე დაზოგვის შესაძლებლობა. მთავრობის ადმინისტრაცია ამ ორი დეპარტამენტის მეშვეობით ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს, ჩვენ შევედით ინიციატივით, მათ შორის, პარლამენტში და შეიქმნა ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, რომელიც გაეშვება 2026 წლის პირველი ივნისიდან, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით. ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ჩვენ განვაახლეთ „თეთრი სიის“ კონცეფცია, სპეცწესების რეფორმირება მოხდა მთლიანად. პირველი იანვრიდან გაეშვა MRS სისტემა, ეს არის ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული. ჩვენ ასევე სამშენებლო ფასების რეფორმა დავიწყეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით იყო საკმაოდ ბევრი პრობლემა, როგორც სამშენებლო კომპანიებისთვის, ისე სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის და ამ ნაწილშიც აქტიურად ვმუშაობთ. მიმდინარე წელს ამ რეფორმას დავასრულებთ. გვექნება ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომელთაც შევიტანთ პარლამენტში 2026 წლის გაზაფხულის სესიაზე და მთლიანად მიმართული იქნება შესყიდვებისა და ანტიკორუფციული კანონმდებლობებისკენ,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.