სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში გვინდა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი ზუსტად გამოვიკვლიოთ, ინფორმაცია გამჭვირვალედ უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რატომ არის ფასნამატები პირველადი საჭიროების პროდუქციაზე და რასაკვირველია, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ შემდგომ, ჩვენი მთავარი მიზანია, ფასებმა დაიწიოს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ფასები გაცილებით მაღალია ევროპულ ფასებთან შედარებით და ეს ეხება იდენტურ პროდუქტებს, რომელიც არის დახლზე როგორც ევროპაში, ისე საქართველოში.
„პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ერთ კონკრეტულ პროდუქტზე, რომელიც იყიდება ერთსა და იმავე ევროპულ და ქართულ ქსელში, ქართული ფასი სამჯერ აღემატება ევროპულს, რაც ვერანაირი ლოგიკით ვერ აიხსნება. სულ რომ იმ ბრინჯს თვითმფრინავის ბილეთი აუღო და ჩამოიყვანო, ამხელა ფასნამატი მაინც არ უნდა იყოს არანაირი ლოგიკით. ეკონომიკის სამინისტრომ პირველადი კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ საშუალოდ 86%-იანი ფასნამატია, ეს ნიშნავს, რომ სადღაც არის 150%, სადღაც - 70%, საშუალოდ 86%-ია ფასნამატი და ვფიქრობთ, კომისიის ფარგლებში ფასწარმოქმნის ჯაჭვი ზუსტად გამოვიკვლიოთ. რასაკვირველია, ეს ინფორმაცია ძალიან გამჭვირვალედ უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რატომ არის ფასნამატები პირველადი საჭიროების პროდუქციაზე და რასაკვირველია, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ შემდგომ. ჩვენი მთავარი მიზანია, ფასებმა დაიწიოს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.




