რამდენიმე წლის შემდეგ გადავწყვიტე ამ ე.წ. სასამართლოზე მოსვლა იმიტომ, რომ შეგხვედროდით თქვენ, ჩემს თანამებრძოლებს, მეგობრებს და მიხარია, რომ დარბაზში ვხედავ სრულიად ახალ, მათ შორის ძალიან ახალგაზრდა ადამიანებს.
დღეს არის ძალიან მძიმე პერიოდი საქართველოს ისტორიის. დიქტატურამ ჩამოაფარა ფარდა ჩვენს და თავისუფალ სამყაროს შორის. ყვარყვარეს ციხე გადაჭედილია, საზოგადოებაში დასადგურებულია უიმედობა, სასოწარკვეთილება, მაგრამ მე მოვედი რომ გითხრათ - იმედი არის და თავისუფლება და ბედნიერება ერთი ხელის გაწვდენაზეა. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელ პროცესზე განაცხადა.
"რეჟიმი იზოლირებულია - არა მხოლოდ ცივილიზებულ სამყაროსგან, მათ შორის ჩვენი მეზობლებისგან, არამედ ოკუპანტ რუსეთისგანაც კი, რომელსაც ის ყველანაირად ჰბაძავს და მაქსიმალურად ცდილობს რომ ასიამოვნოს. ერთადერთი რაზეც დგას დიქტატურა არის ინერტულობა და შიში.
ჩვენც რუზველტს რომ დავესესხოთ „მხოლოდ ერთი რამის შიში უნდა გვქონდეს - ეს არის თავად შიში“ ვინაიდან ერთ მხარეს არის უზარმაზარი ფინანსური რესურსი და სრული დაუნდობლობა, აქეთ მხრიდან უნდა დავუპირისპიროთ უკიდეგანო გამბედაობა, რომლის მაგალითიც უკვე გვაჩვენეს დატყვევებულმა ახალგაზრდებმა, მეც შევეცადე ამის მაგალითი მომეცა. ზღვა გადავცურე, მომწამლეს, მიწაზე მათრიეს, ორჯერ ვიყავი ძალიან ახლოს სიკვდილიდან და ახლაც ვაგრძელებ ყოველდღიურად სიცოცხლის გარისკვას.
მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო სიგიჟესთან გვაქვს საქმე. მთელი ერი მძევლად ვყავართ აყვანილი ერთ მძიმედ დაავადებულ სუბიექტს, რომელმაც საკუთარი მთავარი ვეზირი, რომელსაც პრემიერ მინისტრს უწოდებდა ციხეში გაგზავნა გადაწყვიტა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრი და მისივე დანაშაულებების თანამონაწილე დაიჭირა, აჭარაში დასმული ვასალი მოსაკლავად გაიმეტა.
ტიპაჟი რომელმაც დაწამლა ხალხი მომწამლა მეც. ყველას ვინც თვალში ცუდად მოხვდა საკუთარ ბიზნეს პარტნიორებს შორის ალპობს ციხეში და ზებრა დასვა პრეზიდენტად.
ივანიშვილის მიერ მისი მინისტრების, ისევე როგორც ბაჩიაშვილის, ჩიკვაიძის და სხვა ბიზნეს პარტნიორების დაპატიმრება არის კლასიკური ნიმუში მაფიოზური ოჯახის ბოსის ქმედებების, რომელიც არა მხოლოდ მთლიანობაში მოსახლეობის დამონებას ცდილობს, არამედ პირველ რიგში საკუთარი კლანის მუდმივ შიშში ყოფნისკენ მიისწრაფვის.
ამან შეუძლებელია დიდხანს გასტანოს, თუ ჩვენ როგორც საზოგადოება ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე რას ნიშნავს მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა, როგორც უკვე ვთქვი უნდა ბოლომდე დავძლიოთ შიში და ამავე დროს ვთქვათ შეულამაზებელი სიმართლე, ბევრისთვის შეიძლება მწარე სიმართლე.
ჩვენ მუდმივად უკან არ უნდა მივდევდეთ საზოგადოების დაკვეთას. თუ ამ პირობებში ვინმეს ისევ უხარია რომ მისმა პარტიამ ცოტათი მეტი აიღო სხვა ოპოზიციურ პარტიაზე არარსებულ არჩევნებში ე.ი. ვერაფერი ვერ გაუგია და პოლიტიკური მომავალი არ აქვს.
თუ ჩვენ ჯერ კიდევ რაღაც საერთო სტრატეგიაზე ვმსჯელობთ იმის ნაცვლად, რომ ყველა პარტია დაუყოვნებლივ გავაერთიანოთ ერთ პარტიად, ე. ი. არ გვესმის საზოგადოების გულისცემის.
ვარდების რევოლუციის რეფორმებს ძალიან ბევრმა ვერ აუწყო ფეხი. ჩვენ შევაჩერეთ დამპყრობლების მიერ დამკვიდრებული „ქართული ჯიგრული პონტი“ და გადავუარეთ კორუფციას, ნეპოტიზმს, კრიმინალურ სუბკულტურას.
შემოვიღეთ პრინციპი კანონის წინაშე თანასწორობის და ეს ძალიან ბევრს არ მოეწონა, როგორც მაშინ ლევან ბერძენიშვილმა მისაყვედურა - სააკაშვილს უნდა საქართველოში დანიის გაკეთება და ეს ჩვენ კულტურას ეწინააღმდეგება. სინამდვილეში თუ გვინდა „ქართულ ჯიგრულ პონტში“ არსებობის გაგრძელება, მაშინ უნდა შევეგუოთ მუდმივ გაჭირვებას, უთანასწორობას, იმას, რომ ტრასაზე ჩაგვიქროლებს 200 ათას დოლარიან მანქანაში მჯდომი 17 წლის გოგო, რომელმაც ზუსტად იცის, რომ დაკვირვების კამერები მხოლოდ თქვენთვისაა და მას არ ეხევა. უნდა შევეგუოთ ფეოდალური მმართველების ბოგინს. ისეთი როგორიცაა იყო ასლანი და არის ივანიშვილი.
მე რეალურად დავეჯახე არსებულ მენტალიტეტს, თავისი კრიმინალური მონური, კორუმპირებული ფსიქოლოგიით და ის რაც ჩვენ იმ 9 წელში შევძელით არის ის რომ მოვახდინეთ მენტალური რევოლუცია. ამას დაუპირისპირდა მაფიოზი ივანიშვილი.
სწორედ ამ მოუმზადებლობამ ჩემი რეფორმებისთვის გამოიწვია მრავალწლიანი ბიპოლარული აშლილობა, რომელიც გამოიხატება ლოზუნგებში არც ნაცი არც ქოცი - რაც ნიშნავს რომ ქოცს, არც მიშა არც ბიძინა, რაც ნიშნავს ბიძინას და შემდგომ მონობას.
მე რომ თანამდებობას არ ვეკიდები ეს იქიდანაც ჩანს, რომ 2012 წელს ხელისუფლება უყოყმანოდ და ორგანიზებულად გადავეცი, კი ვიცოდი ვინც მოდიოდა, მაგრამ დავემორჩილე ქართველი ხალხის ნებას.
ასევე არ იხილება ე.წ. 7 ნოემბრის საქმე. 7 ნოემბრის შედეგად მე გადავდექი და წავედი ახალ ძალიან სარისკო არჩევნებში.
2012 წელს მე თანამდებობისთვის კი არ ვიბრძოდი (არ ვაპირებდი არსად დარჩენას), არამედ ჩემი კურსის გაგრძელებისთვის და ახლა მინდა ვკითხო მათ ვინც კიდე ყოყმანობს.
იქნებოდა თუ არა ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო მდიდარი ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
გავიდოდა თუ არა ქვეყნიდან 700 ათასი ადამიანი და დაბრუნდებოდა თუ არა გასულების თუნდაც ნაწილი მაინც უკან, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
იარსებებდა თუ არა ახალგაზრდებისთვის მეტად შესაძლებლობები ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
იქნებოდა თუ არა საქართველო ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ყველაზე ახლო მეგობრებს შორის, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
იქნებოდა თუ არა ლაზიკა უკვე აშენებული ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
დაბრუნდებოდა თუ არა საქართველოში კორუფცია და კრიმინალი ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
დაუბრუნდებოდა თუ არა ხალხს ყველა მოპარული თეთრი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
იქნებოდა თუ არა საქართველოში თითქმის 800 ათასი სოციალურად დაუცველი როგორც ახლა, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
ექნებოდა თუ არა საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო რეპუტაცია ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
იქნებოდა თუ არა საქართველო განუზომლად უფრო მაგარი ქვეყანა საცხოვრებლად ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
აი ამ კითხვებზე პასუხი არის ჭეშმარიტება. ყველაფერი დანარჩენი არის პროპაგანდისტული ნისლი და რუსულ ქოცური ნარატივის გამეორება, ან ბიპოლარული აშლილობის გამოვლინება.
სიმართლე იმაშია, რომ გარდა იმ გაუბედურებული, გლუვტვინიანი, ნამუსახდილი და ნამუსდაკარგული ადამიანებისა, ვინც მაგალითად დაცარიელებულ ცაგერში გაფორმებულია აიპ/სიპში და იღებს 350 ლარს, ტვ-ში მიშტერებულია „იმედს და იმეორებს, რომ ევროპა გვრყვნის ხოლო ისტორიის ოქროს ეპოქა „სისხლიანი 9 წელი იყო“ ან ჯიუტად იმეორებს - არც ისინი ვარგიან არც ესენიო, არსებობს აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ყველაფერში მშვენივრად გაერკვა, მხარს უჭერს ჩემს კურსს, იმიტომ რომ 9 წელზე უკეთესი ცხოვრებაში არაფერი უნახავს.
და ასევე ასპარეზზეა გამოსული მიშას თაობა, რომელიც ძალიან პატარა იყო მაშინ, თუმცა სულ უფრო კარგად ერკვევა მაშინდელი რევოლუციური რეფორმების მნიშვნელობას და აღარ ჭამს რუსულ-ქოცურ პროპაგანდისტულ კლიშეებს.
არსებობს მდუმარე უმრავლესობა, რომელიც ორივე მხრიდან დააკომპლექსეს ჩემი სახელის ხსენებაზე, მაგრამ სწრაფად თავისუფლდება ამ კომპლექსისგან.
მე ბევრი ვისაუბრე წარსულზე, მაგრამ მე არ გეპატიჟებით წარსულში. მე თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის და უკვე ვხედავ ამ მომავალს, რომელშიც მე არცერთი თანამდებობა არ მინდა, მაგრამ მინდა დაფასდეს შრომა უამრავი გამოცდილი, პატრიოტი ადამიანის და ამასთან ერთად განსაკუთრებული როლი უნდა მივაკუთვნოთ ახალგაზრდობას, რომლის საუკეთესო ნაწილმა დაამტკიცა რომ მზადაა და ღირსია ქვეყნის მმართველობაში მოსვლის. მიხარია, რომ აქაც ამ დარბაზში ვხედავ ახალგაზრდების ახალ, ჩემთვის მეტწილად უცნობ სახეებს და მინდა გითხრათ რომ ჩემი სიცოცხლე გეკუთვნით თქვენ და მინდა ვთქვა, რომ დღეს საქართველო ბევრად უფრო მზადაა ცვლილებებისთვის ვიდრე 2003 წელს.
მე რომ გარეთ ვიყო და საქართველოში გადაადგილება შემეძლოს, ამათ 1 კვირაში დავასრულებდი. მე საბრძოლო ფორმაში ვარ, ძალიან დიდ მხარდაჭერას და ენერგიას ვგრძნობ და მზად ვარ ხელახლა მივიღო მონაწილეობა საქართველოს უმძიმესი კრიზისიდან ამოთრევაში, ჩემი გამოცდილებით და კავშირებით და შემდეგ უკვე თქვენ გააგრძელეთ ჩემი ხელით ჰიმნში ჩაწერილი სიტყვების „თავისუფლება დღეს ჩვენი“ უკვე თქვენი ხელით დაწერა.
ივანიშვილის მიერ საქართველოს დაპყრობა, არის ჩამორჩენილი სუბკულტურის მიერ უფრო განვითარებული საზოგადოების კონტროლის მცდელობა. მთლიანობაში საქართველო არის ძალიან ნიჭიერი ადამიანებით დასახლებული, უფრო მაღალი დონის ხალხი, რომელიც ვალდებულია ბარბაროსთა უღელი მოიშოროს.
რაც შეეხება საერთაშორისო ვითარებას, ბევრი უიმედოდაა ამ ვითარების არაპროგნოზირებადობის და ქაოსის გამო. სინამდვილეში სწორედ საერთაშორისო უძრაობამ და პროგნოზირებადობამ ობამას სახით, დიდწილად გამოიწვია ივანიშვილის საქართველოს თავზე მოხვევა, მას შემდეგ რაც ობამა გაურიგდა რუსებს.
სწორედ სწრაფ ცვლილებებშია ჩვენი პერსპექტივა და შანსი. გაითვალისწინეთ რომ ჩვენ გარდა ძირითადი საქართველოს გათავისუფლებისა, აფხაზეთი გვაქვს დასაბრუნებელი, ისევე როგორც ქართლის ოკუპირებული ტერიტორიები.
საქართველოს უდიდესი იმედი უკრაინაშია, რადგან რუსეთმა ვერ შეძლო კიევის და უკრაინის ძირითადი ნაწილის დაპყრობა, ის უკვე პრაქტიკულად დამარცხებულია ამ ომის მე-4 წლისთავზე, რაც სულ მალე ტექტონიკურ ცვლილებებს გამოიწვევს ჩვენს რეგიონში.
კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ იმას თუ რაშია ჩვენი გამოსავალი და იმედი. მოდით გადავხედოთ ძალთა ბალანსს.
იქით მხარეს არის ფული, ტყუილი, უტიფრობა, დაუნდობლობა, უკიდეგანო უნიჭობა, ჭაობი. აქეთ ჩვენს მხარეს არის სიმართლე, გამბედაობა, პატიოსნება, ნიჭიერება ახალგაზრდობა და მომავალი.
პატიოსნება - ფულს ამარცხებს, სიმართლე ამარცხებს უტიფრობას და ტყუილს, გამბედაობა დაუნდობლობას, ნიჭიერება უნიჭობას და მომავალი ახალგაზრდული ენერგია წარსულის ჭაობს. უკრაინა ამარცხებს რუსეთს!
Слава Україні!
დიდება საქართველოს!" განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




