„ჩვენი, „ხალხის ძალის“ გზავნილები იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც გუშინ აქციაზე იყვნენ. ჩვენ დავიწყეთ ის პროცესი, რასაც კულუარებიდან ინფორმაციის მიწოდება ჰქვია, რადგან დავინახეთ, რომ საშიშროება დიდი იყო და ახლაც არის საქართველოსთან მიმართებით იმ ძალებისგან, რომლებსაც გლობალური ომის პარტია დავარქვით“,- ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დადგა ის დრო, რომ სხვების შემოთავაზებებს დავაკვირდეთ, ღირებულებები - ენა, მამული, სარწმუნოება, რამდენად შეესაბამება მათ?

„ვხედავთ, რომ სიმართლის, სამართლიანობის, ტრადიციების, ღირებულების და ა.შ. წინააღმდეგ ბრძოლა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებშიც მიმდინარეობს. ეს პატარა ქვეყანა აქამდე სწორედ იმიტომ მოვიდა, რომ გარკვეული ღირებულებები, მათ შორის სამი ძირითადი პოსტულატი - ენა, მამული, სარწმუნოება, გამჯდარი აქვს და თაობებს გადასცემს. ჩვენ ბრძოლა გვიწევს ყალბ ინფორმაციასთან, ვითომ მეგობრების მიერ მიწოდებულ რაღაც შეთავაზებებთან, რომელიც თითქოს კეთილდღეობას გულისხმობს. საზოგადოებას მათ რეალურ შინაარსს ვაწვდით. ვცდილობთ, ეს გზავნილები განვუმარტოთ ჩვენს მოქალაქეებს და თავადაც ფხიზლად ვიყოთ, ხომ არ ემუქრება რაიმე საფრთხე ჩვენი მეგობარი თუ „დაუძინებელი მეგობარი“ ქვეყნებისგან - ენას, მამულს და სარწმუნოებას? უკვე დადგა ის დრო, რომ შევაფასოთ, ჩვენი ღირებულებები რამდენად შეესაბამება მათსას? ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, არავის არაფერს ვთავაზობთ. ჩვენსას ვიცავთ და პატივისცემას ვითხოვთ ყველასგან - პარტნიორი იქნება, მტერი თუ მეგობარი, ამ მთავარი, ძირითადი პოსტულატების მიმართ, რისთვისაც ვარსებობთ. ამის მერე იწყება განვითარებაზე თუ რამე კავშირში გაერთიანებაზე საუბარი. ეს ყველაფერი ჩვენმა წინაპრებმა მოგვიტანეს და ამაზე დგას ქართული სახელმწიფო. ამდენი საუკუნის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებრიობაც დაკარგული გვქონდა - ენა, მამული, სარწმუნოება არ დაგვიკარგავს - ვიცით ამის ფასი და ამის პატივისცემას ვითხოვთ სხვებისგანაც. ამ ადამიანებს, რომლებიც გუშინ აქციაზე იყვნენ, ესმით ამ ყველაფრის ფასი და ნებისმიერ სიტუაციაში, სრულიად უანგაროდ, დადგებიან და დაიცავენ თავიანთ სამშობლოს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.