მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ აგენტურას გარე პატრონები ჯანსაღ დისკუსიასა და დებატებს უკრძალავენ. დებატებში კი არა, არჩევნებში დემოკრატიის ამ აუცილებელ პროცესშიც კი არ აღებინებდნენ მონაწილეობას. „გამჭვირვალობის კანონის“ განხილვის პერიოდში პირდაპირი დირექტივები ჟღერდებოდა, რომ „შინაარსის განხილვაში შესვლა, „ქართული ოცნებისთვის“ იქნებოდა სასარგებლო, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, გახარიას პარტიის წარმომადგენლების მიერ დებატებში მონაწილეობაზე გაცხადებულ უართან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე საუბრისას.
წილოსანის განცხადებით, ადგილობრივმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა პატრონებმა კარგად იციან, რომ არგუმენტირებულ მსჯელობაში აუცილებლად დამარცხდებიან. მათი დავლებების მიმცემნი კი მათ სიტყვას გაატეხინებენ, როგორც ეს წარსულში უკვე არაერთხელ მოხდა.
„მეტიც - 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში განვითარებული მოვლენების პარალელურად, კარგად გვახსოვს ორი ადამიანის თანხმობა პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე, რომელიც დებატების გამართვას გულისხმობდა, თუმცა, მათ წინააღმდეგ აგორებული ბულინგის კამპანიისა და ზეწოლის ფონზე, დისკუსიაზე უარი ათქმევინეს.
ეს არის ფაქტები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. ნათელია, რომ ადგილობრივმა რადიკალებმა და მათთვის დავალებების მიმცემმა უცხოელებმა ზუსტად იციან, სიმართლე სად არის, ისიც ზუსტად იციან, რომ არგუმენტირებულ მსჯელობაში აუცილებლად დამარცხდებიან. ხოლო ის, ვინც ამდენს ვერ ხვდება და დამოუკიდებლად, პატრონებთან შეუთანხმებლად რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები ორი ადამიანის, ან გახარიას პარტიის წარმომადგენლების ბედს გაიზიარებს.
უნდათ თუ არ უნდათ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარს ათქმევინებენ და სიტყვას გაატეხინებენ. ასეთია იმ ხალხის ბედი, რომლებიც საკუთარი ინტერესების მსახურების ნაცვლად, უცხო ძალების უპირობო მორჩილებას ირჩევენ,“- განაცხადა ნინო წილოსანმა.




