2021-დან 2025 წლამდე ჩვენი ეკონომიკა საშუალოდ 9.3 პროცენტით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ვაჭრობა შენელდა და გაურკვევლობა გაძლიერდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„იმ დროს, როდესაც ბევრი იძულებული იყო რეაგირება მოეხდინა, საქართველომ ამბიციური პროექტების დაგეგმვა გადაწყვიტა.
ტრანსპორტი და ლოგისტიკა ეროვნული ეკონომიკის ხერხემალს ქმნის და ვაჭრობაზე ორიენტირებულ განვითარებას უჭერს მხარს. საქართველომ 7 მილიარდი დოლარი გამოყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ყოვლისმომცველი განახლებისთვის და კაპიტალურ ხარჯებზე ყოველწლიურად ვხარჯავთ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7-8 პროცენტს.
დავასრულეთ ჩვენი ძირითადი სარკინიგზო ქსელის სრული მოდერნიზაცია, გავაორმაგეთ გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შევამცირეთ ტრანზიტის დრო ქვეყნის მასშტაბით. სარკინიგზო კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის შედეგად, რომელიც საქართველოს გავლით უზრუნველყოფს პირდაპირ და საიმედო სარკინიგზო კავშირს კასპიის აუზსა და საერთაშორისო ბაზრებს შორის“ , - განაცხადა პრემიერმა.




