წლებია, საქართველო ებრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების დეზინფორმაციას, რომლებიც პროგრესს კი არ ემსახურებიან, არამედ ცდილობენ ჩვენი ღირებულებების გადაკეთებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 პრემიერის თქმით, მსოფლიო მშვიდობის რღვევა, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, ბრძოლა ეროვნულ და რელიგიურ იდენტობასთან, გენდერული და ლგბტ პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების შეზღუდვის მცდელობა, მედიის თავისუფლების გლობალური რღვევა და ცენზურა, ლიბერალური ფაშიზმი - ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული.

 „როდესაც საქართველომ გაატარა ინიციატივა, რომელიც სუვერენიტეტის დაცვასა და არასამთავრობოების გამჭვირვალობას ემსახურება, ამას მუქარითა და სანქციებით შეხვდნენ - მხოლოდ იმიტომ, რომ გავბედეთ და ვთქვით: „დავიცვათ საქართველო. დაე თავად გადაწყვიტოს საქართველომ“.

 ყველა ზემოაღნიშნული შემაშფოთებელი მოვლენა - მსოფლიო მშვიდობის რღვევა, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, ბრძოლა ეროვნულ და რელიგიურ იდენტობასთან, გენდერული და ლგბტ პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების შეზღუდვის მცდელობა, მედიის თავისუფლების გლობალური რღვევა და ცენზურა, ლიბერალური ფაშიზმი - ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული. ჩვენ ამ ცენტრს 2022 წლიდან გლობალური ომის პარტიას ვეძახით, ხოლო შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია მას Deep State-ად მოიხსენიებს.

 მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ბრძოლა Deep State-ს გამოუცხადეს. უცხოური ინტერვენციების ცნობილი მეთოდები - როგორებიცაა USAID და NED, რომლის მეშვეობითაც Deep State ცდილობდა საქართველოში ბოლო ოთხ წელიწადში ოთხი რევოლუციის მოწყობას, გაუქმებულია. ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები ნამდვილად იმედის მომცემია. თუმცა ეს საკმარისი არ არის. როგორც ჩანს, Deep State ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში“, - განაცხადა პრემიერმა.

 პრემიერის თქმით, ამის მაგალითია ევროპარლამენტის მიერ მიღებული 6 უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ასევე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი  - ე.წ. „მეგობარი აქტი“ — რომელიც ასევე უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს.

 „იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს Deep State-ს, რაც უეჭველად დადებითად აისახება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან საქართველოს  ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. წარმატებას ვუსურვებთ ახალ ადმინისტრაციას ამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში.

 დასასრულ, მსურს წარმატება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო მსოფლიოს ყველა ლიდერს, ვინც მტკიცედ დგას რადიკალური მემარცხენე ლიბერალიზმისა და Deep State-ის გავლენის წინააღმდეგ — ვინც იცავს ეროვნულ სუვერენიტეტს, ტრადიციულ ღირებულებებსა და თავისი ხალხის ნებას”, - განაცხადა პრემიერმა.