საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და დავრჩით მაინც გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქართველებს ეამაყებათ ქრისტიანობა და ყველაფერი კეთდება მის დასაცავად, რადგან როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას — ის კარგავს საკუთარ თავს.

 „დიდი პატივია ვიდგე დღეს თქვენს წინაშე უნგრეთში - ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ  დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა. ყველა უნდა ადიდებდეს  უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს, მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისათვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა.

 ჩვენ - ქართველები - განსაკუთრებით ვაფასებთ მას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოსა და ჩვენი ერის ევროპული გზის მიმართ გამოხატავს. დიდი მადლობა ამისთვის,  ბატონო ვიქტორ!

 თქვენთან მოვიტანე საქართველოს ხმა — ხმა იმ ქვეყნისა, რომელიც 3000 წელზე მეტია იმპერიების გზაჯვარედინზე დგას; ქვეყნისა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ერი გახდა მსოფლიოში; საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და მაინც, დავრჩით გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით!

 გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად; რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას — ის კარგავს საკუთარ თავს, - განაცხადა პრემიერმა.