გვინდა, რომ სტრატეგიულად დავგეგმოთ ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ უკვე დავაანონსეთ, რომ 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს იქნება 11-წლიანი გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და კონკრეტული ქმედებები, რომელთა საფუძველზეც მიზნები უნდა შესრულდეს.
„რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ვითარდება ჯანდავცვის სისტემა, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემა ჯანდაცვის სფეროში, რომ, მათ შორის, მთელი რიგი მიმართულებებით არადამაკმაყოფილებელი ხარისხის გამო ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიდის სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ სისტემურად მივუდგებით ამ საკითხს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოში უზრუნველვყოთ, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, სამედიცინო მომსახურების ის ხარისხი, რაც არის დღეს უზრუნველყოფილი, მაგალითად თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში ან ავსტრიაში. ეს არის შესაძლებელი. ამას სჭირდება არა დინებაზე მიყოლა, არამედ შესაბამისი სტრატეგიული გეგმა. ყველა მიმართულებით გვინდა, რომ დავდოთ ასეთი სტრატეგიული გეგმა, რაც მოგვცემს არა ეტაპობრივი შედეგების მიღწევის საშუალებას, არამედ მოგვცემს გარდამტეხი ცვლილებების მიღწევის საშუალებას.
ეს გეგმა მომზადდება ძალიან ახლო მომავალში და ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბებული.
თუ ვინმეს სურს და შეუძლია კონსტრუქციული წვლილის შეტანა ამ პროცესში, ჩვენ ამისთვისაც ვართ მზად. ოპონენტებში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, სადაც კომპეტენცია არის ძალიან მწირი, პრაქტიკულად, კომპეტენტური პარტია თითქმის აღარ დარჩა ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული პარტია, თუმცა ჩვენ უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ ამ დისკუსიების თემას და აქაც მნიშვნელოვანია დარგის ნამდვილი სპეციალისტების ჩართულობა.
როდესაც ჯანდაცვას ეხება საქმე, პოლიტიკოსების მოსაზრებებზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის კვალიფიცური და გამოცდილი ექიმების მოსაზრებები ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით. ყველა სექტორის წარმომადგენლებთან ვართ მზად დისკუსიისთვის, მათ შორის, ოპონირების რეჟიმში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




