„გურიის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს დავათვალიერეთ მაგისტრალური გზის 6 კილომეტრიანი და 3-კილომეტრიანი მონაკვეთები, სადაც სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება და უკვე ტურისტულ სეზონზე გადაადგილება შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. პარალელურად, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივ გზებზეც, მათ შორის ოზურგეთი–ნინოშვილი–ლესას მეწყრულად დაზიანებულ მონაკვეთზე. ჩვენი ზედამხედველობით, სამშენებლო კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, მოსახლეობისთვის დისკომფორტი მინიმუმამდე დაიყვანონ და პროექტები განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს“-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გურიაში პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
გურიის რეგიონში მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი–ქობულეთის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
გზის 11 კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, ხოლო დარჩენილ 3 კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
გრიგოლეთი–ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობას. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.
მინისტრმა ასევე მოინახულა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი–ნინოშვილი–ლესას საავტომობილო გზის ცალკეულ დაზიანებულ, მეწყრულ მონაკვეთებზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში საგზაო მონაკვეთის აღდგენა 9 სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდება.
გზის მონაკვეთზე დაფიქსირდა საფარის სერიოზული დაზიანებები და მეწყრული მოვლენები, რის შედეგადაც დაზიანდა მიწის ვაკისი და ხელოვნური ნაგებობები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები არსებული პრობლემების სრულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს და ოზურგეთი–ნინოშვილი–ლესას საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11.4 მილიონი ლარით ფინანსდება.
ამასთან, გურიაში აქტიურად გრძელდება სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთზე დარჩენილი 6 კილომეტრის მშენებლობაც. სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი–ლესას 8 კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ახალი გზა 2025 წლის ბოლოს გაიხსნა.




