“ბლუმბერგმა” გამოაქვეყნა კილის ინსტიტუტის კვლევა, რომლის მიხედვითაც ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს მთლიანად იხდიან ამერიკელები.
ამ კვლევის მიხედვით, ტარიფების ტვირთის 96 პროცენტი აწვება ამერიკულ იმპორტიორ კომპანიებს და მომხმარებლებს და მხოლოდ 4 პროცენტი უცხოურ კომპანიებს. - - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"მოკლედ რომ ვთქვათ: უცხოელები რასაც ღებულობდნენ შემოსავლების სახით, თითქმის იმდენსვე იღებენ. ამ საქონელს ქვეყანაში შემოტანისას ედება საბაჟო( ანუ იმპორტის) გადასახადი, ეს აისახება საქონლის ფასში და გაძვირებულ საქონელს ყიდულობენ ამერიკელი მოქალაქეები და მეწარმეები. ამერიკელებს ეზრდებათ საგადასახადო ტვირთი. თავის მხრივ, ეს ამცირებს რეალურ შემოსავლებს და აუარესებს კეთილდღეობას.
რა უარყოფითი ეფექტი მოჰყვება უცხოური კომპანიებისათვის?საქონლის რეალიზების კლება და შესაბამისად, შემოსავლების შემცირება (რაც ჯერ-ჯერობით არ მომხდარა, როგორც აღნიშნული კვლევა აჩვენებს).
რა შედეგს უნდა ელოდეს ამერიკული მხარე? საქონლის დეფიციტის წარმოქმნა ან საქონელზე ფასების ზრდა სტიმული უნდა გახდეს ადგილობრივი ბიზნესისათვის, რომ იგივე საქონელი აწარმოოს ქვეყნის შიგნით. ამას უნდა მოჰყვეს დასაქმების ზრდა და საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება. ამას პროტექციონიზმი ჰქვია.
როგორც დრომოჭმული და პრგრესის შემაფერხებელი, პროტექციონისტური თეორია და პრაქტიკა ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდა. სწორედ პროტექციონისტული პოლიტიკის შეცვლამ თავისუფალი ვაჭრობით, საფუძველი დაუდო გლობალურ კეთილდღეობას.
როგორც ჩანს, მიუხედავად საკმაოდ მაღალი ტარიფებისა, ჯერ-ჯერობით ტრამპის ქმედება ვერ აღწევს მიზანს. სხვა საკითხია, თუ მართლა დააწესა 500 პროცენტიანი ტარიფები, რაზეც მიმდინარეობს საუბარი. ეს უკვე ტარიფი არ არის, ეს არის ემბარგო, სრული აკრძალვა, შეფუთული ტარიფებში.
ისევ კილის ინსტიტუტის კვლევას რომ დავუბრუნდეთ-ვინ უფრო მეტად დაზიანდება სატარიფო ომით, დრო გვაჩვენებს. გამარჯვებული რომ არავინ იქნება, ამას მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ისტორია ადასტურებს." - წერს რომან გოცირიძე "ფეისბუკში".




