საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის გ.პ.-ს საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა.
"ექსტრადირებულ პირს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2025 წლის 18 თებერვალს თბილისში, ბეჟან კალანდაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს და ძალადობა განახორციელა მის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული და დანაშაულის ადგილზე მყოფი სხვა პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ საერთაშორისო ძებნის მიზნით სამართლებრივი პროცედურები მისი მიმალვიდან მალევე დაიწყო და ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზე 2025 წლის 4 მარტიდან იძებნებოდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინტენსიური საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გ.პ.-ს რუსეთიდან საქართველოში ექსტრადიცია 2026 წლის 2 თებერვალს განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი პირი მალევე დააკავეს, ხოლო ერთ-ერთმა მიმალვა მოახერხა. სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ორ პირს 4 წლით და 3 თვით, ერთ პირს 5 წლით, ხოლო მიმალვაში მყოფ პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მის მიმართ მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.




