ბევრი არაფერი არ ეწერა დონალდ ტრამპის წერილში და არანაირ ამოკითხვას არ საჭიროებს, – ასე უპასუხა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა გზავნილი ამოიკითხა დონალდ ტრამპის წერილში და რამდენად გაჩნდა ურთიერთობის დათბობის ნიშნები, რისი მოლოდინიც იყო.
„ზოგადად, წერილის ირგვლივ მთელი ეს ეპოპეა, რაც განვითარდა, არის ერთადერთი რაღაცის დადასტურება, რომ ძალიან მძიმე კრიზისში იმყოფება ეს არალეგიტიმური და მოღალატეობრივი ძალა. იმიტომ, რომ შენ, ერთი მხრივ, სანქციების ქვეშ იყო, მეორე მხრივ, არავის არ უნდოდეს შენთან ურთიერთობა, შენი უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის, გადაწყვეტილების მიმღები მთავარი პირი იყოს სანქცირებული და სრულად მოწყვეტილი და იზოლირებული იყო ცივილიზებული სამყაროდან, მერე კი რაღაც წერილის მიღების მერე ასეთი აჟიტირებული იყო?“ – განაცხადა ბუაძემ.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ როგორც „ქართული ოცნების“ ცალკეულმა დეპუტატებმა განაცხადეს, ისინი ზედმეტ გაზვიადებას ერიდებიან, რაზედაც საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ მათ ამით გაიღვიძეს, ამით დაიძინეს და მერე, შემდეგ დილით ისევ ამით გაიღვიძეს“.
„რასაკვირველია, როცა შენ ასე გიხარია ტრივიალური, პროტოკოლური მილოცვის მიღება, საიდანაც არ უნდა იყოს, ეს არის უდიდეს კრიზისის გამოხატულება“, – განაცხადა ბუაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა ამ მისალოცი ტექსტის ყველა სიტყვას და ქვეტექსტსაც კი კონტექსტიდან და გაუარესებული ურთიერთობიდან გამომდინარე, შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე, საბა ბუაძემ განაცხადა, რომ ამ წერილის წინმსწრები და შემდგომი ორი წერილი უნდა ვნახოთ.
„ქვეტექსტი რად გინდათ? ამ წერილის წინმსწრები და შემდგომი ორი წერილი უნდა ვნახოთ. მილოცვის წერილი უფრო კარგი არის სურათის აღქმისთვის თუ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადება? რა უკეთესი არის, ეს წერილი, თუ ამ წერილის შემდგომ კიდევ ერთი წერილი და განმარტება საელჩოს მხრიდან, რომელმაც ისაუბრა იმაზე, რომ ამერიკის ელჩს, რობინ დანიგანს უნდოდა ივანიშვილთან შეხვედრა? მერე ამას ივანიშვილი თავად გამოეხმაურა და თქვა, მე არ შევხვდი, იმიტომ, რომ ჩემი ფულის კომპლექსი მაქვსო, რითიც დაადასტურა კიდევ ერთხელ ის, რომ მისი ფული არის მთავარი საზრუნავი და სანერვიულო. შეუძლია, გათავისუფლდეს ამ კომპლექსებიდან. ეს რისი სიგნალია, თქვენი აზრით, აშშ-ის ელჩი, აქ, ადგილზე მყოფი ადამიანი პრემიერ-მინისტრად წოდებულ ადამიანს რომ უარს ეუბნება შეხვედრაზე? ეს არ არის, თქვენი აზრით, კრიზისის მიმანიშნებელი, თუ მრავალს დაესწარით, გილოცავთო, ამას რომ ეტყვიან, აქ რამე გზავნილის ამოკითხვა არის საჭირო?“ – განაცხადა ბუაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის 26 მაისის მილოცვაში საუბარი იყო ქართველი ხალხის მიმართ მილოცვაზე და ეს წერილი საკმაოდ კრიტიკული იყო.
„მერე იყო უკვე ყაველაშვილისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც გილოცავ, მრავალს დაესწარიო, ეს იყო ნათქვამი თავისი შინაარსით და მერე ამას უკვე მოჰყვა კიდევ ერთი წერილი, რომელიც საელჩომ გაავრცელა და, სადაც ისაუბრეს იმაზე, რომ არც ყაველაშვილი, არც კობახიძე არავის არაფრად არ მიაჩნია, ივანიშვილთან უნდათ ლაპარაკი“, – განაცხადა ბუაძემ.
შეკითხვაზე, რატომ იყო პრეზიდენტ ტრამპის წერილში ნახსენები საქართველოს მთავრობა, ბუაძემ აღნიშნა, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს, მისალოცი წერილი არის პროტოკოლური და ეს წერილიც შესაბამისი იყო.