კონფერენცია Homo erectus-ის („გამართული ადამიანი“) აღმოჩენის 135-ე და დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენების 35 წლისთავს, ასევე ადამიანის ევოლუციის კვლევის მნიშვნელობას ეძღვნება.

კონფერენციის გახსნის ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო. 

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება დმანისის აღმოჩენების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ მნიშვნელოვან სამეცნიერო თარიღს, არამედ კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდს. დმანისის აღმოჩენებმა მსოფლიოს თვალწინ ახალი ფურცელი გადაშალა ადამიანის ევოლუციის ისტორიაში. საქართველოსთვის დმანისი ეროვნული სიამაყეა და, ამავდროულად, მსოფლიო მეცნიერების საერთო საგანძური“, - აღნიშნა გიორგი მირცხულავამ.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, პარტნიორ ინსტიტუციებს და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ დმანისის პროექტზე. 

საქართველოს ეროვნული მუზეუმში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში 15-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი მკვლევარი და ექსპერტი მონაწილეობს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ლექციები ადამიანის ევოლუციის, პალეოანთროპოლოგიის, არქეოლოგიის, პალეონტოლოგიის, ადრეული ადამიანის ქცევისა და გარემოს შესახებ. მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ პრეისტორიის დარგში მიმდინარე უახლესი ინტერდისციპლინური კვლევის შედეგებს.

ღონისძიების დასკვნითი სესია დაეთმობა საქართველოს, როგორც ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყნის, როლსა და მნიშვნელობას გლობალურ პროცესებში, ასევე ბიო-კულტურული პროცესების შესწავლისა და კლიმატური ცვლილებების კვლევის პერსპექტივებს.

საერთაშორისო კონფერენცია ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, Stone Age Institute-ის, ფლორენციის უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტისა და ჰაიდელბერგის მეცნიერებათა აკადემიის (ROCEEH) კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით.