საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება

"ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER (IMO 9388730) თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც ადასტურებს არსებული სანავიგაციო და ტექნიკური მონაცემებიც.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გემის საქართველოს არცერთ ნავსადგურში შემოსვლა დაგეგმილი არ ყოფილა, რასაც ადასტურებს MSW სისტემაში შესაბამისი ჩანაწერების არარსებობა.

გემის მოძრაობის მონაცემებით, SAVIR TIGER, რომლის სიგრძე 245.07 მეტრია, 16 აგვისტოს გამოვიდა თურქეთის იალოვას ნავსადგურიდან, 18 აგვისტოს გაიარა ბოსფორის სრუტე და მოძრაობა შავი ზღვის აღმოსავლეთის მიმართულებით განაგრძო. 22 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიული წყლების გარეთ, დაახლოებით პიჩორის ტრავერსზე, გემის AIS სიგნალი შეწყდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა არც LRIT სისტემაში, ხოლო 24 აგვისტოს გემი უკვე სამსუნის ტრავერსზე დაფიქსირდა.

AIS-ის ან LRIT-ის სიგნალის დროებით არარსებობა არ წარმოადგენს და ვერ იქნება გემის რომელიმე ნავსადგურში შესვლის მტკიცებულება. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს არაერთხელ განუცხადებია. მსგავსი დასკვნის გაკეთება მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით პროფესიული თვალსაზრისით სრულიად დაუსაბუთებელია.

უფრო მეტიც, გემის ზომის, მოძრაობის ტრაექტორიისა და დროითი მონაცემების ერთობლივი ანალიზი არ ადასტურებს მის აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შესვლას. სამსუნის რაიონიდან აფხაზეთის სანაპირომდე გადაადგილებისა და უკან დაბრუნებისთვის საჭირო დრო პრაქტიკულად მოიცავს იმ დაახლოებით ერთ დღიან პერიოდს, როდესაც გემის პოზიციის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდებოდა. შესაბამისად, რეალისტური დრო პრაქტიკულად არ რჩება ნავსადგურში შესვლისთვის, მანევრირებისთვის, დგომისთვის, შესაძლო სატვირთო ოპერაციისთვის და შემდგომ უკან გამოსვლისთვის.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირო ზოლს ფიზიკურად არ გააჩნია 245-მეტრიანი, მსგავსი ტიპისა და პარამეტრების გემის უსაფრთხოდ მიღებისა და მომსახურებისთვის საჭირო შესაბამისი საპორტო და სანავმისადგომო ინფრასტრუქტურა.

შესაბამისად, „ფორმულას“ მიერ დაუდასტურებელი ვერსიის ფაქტად გავრცელებას ვაფასებთ როგორც დეზინფორმაციას. განსაკუთრებით სახიფათოა მსგავსი პრაქტიკა მაშინ, როდესაც საკითხი უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონულ უსაფრთხოებასა და საზღვაო ნაოსნობას. ასეთ თემებზე ჟურნალისტური ვარაუდის ფაქტად გასაღება არა მხოლოდ პროფესიული სტანდარტების უგულებელყოფა, არამედ საზოგადოების მიზანმიმართული შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს იგი კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში." - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.