სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, Capacity4Nutrition (C4N) ინიციატივისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, თბილისში EU Menu მეთოდოლოგიის სამუშაო შეხვედრები გაიმართა
შეხვედრა მიზნად ისახავდა ეროვნულ დონეზე მოსახლეობის „ფაქტიური კვების” კვლევის მხარდაჭერას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მდგენელია სურსათის უვნებლობის სფეროში რისკების შეფასებისთვის.
შეხვედრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დარგის სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, EU Menu კვლევის დანერგვის პროცესში ძირითადი დაინტერესებული მხარეების როლები და პასუხისმგებლობები, კვლევის მიზნები, მეთოდოლოგიური მიდგომები, საჭირო რესურსები და განხორციელების ეტაპები იქნა განხილული. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში განხორციელებული EU Menu კვლევების საუკეთესო პრაქტიკისა და მიღებული გამოცდილების შესახებ.
სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა პროექტის „საგზაო რუკის“ დახვეწა და მისი განხორციელების მექანიზმებზე შეთანხმება, მათ შორის, პასუხისმგებლობების გადანაწილება და უწყებებს შორის თანამშრომლობის ფორმების განსაზღვრა.
შეხვედრაზე პრეზენტაციებით წარდგნენ ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოსა (EFSA) და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კვების მიმართულებით შესაძლებლობების განვითარების ქსელის (CAPNUTRA) წარმომადგენლები. აგრეთვე, გაიმართა ინტერაქტიული ჯგუფური სამუშაო სესიები კვლევის დიზაინის, რესურსების დაგეგმვისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საკითხებზე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, EU Menu მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოსახლეობის კვების სტატუსის სანდო მონაცემებზე დაფუძნებული შეფასებისა და მტკიცებულებებზე დამყარებული პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებით. მისივე თქმით, ცენტრი აქტიურად იმუშავებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, რათა კვლევა განხორციელდეს მაღალი სამეცნიერო სტანდარტების შესაბამისად.
EFSA-ს ჰარმონიზებული მეთოდოლოგიით მოსახლეობის „ფაქტიური კვების” შესწავლის შედეგად მიიღება შედარებადი, სარწმუნო და მაღალი ხარისხის მონაცემთა ბაზა, რაც უმნიშვნელოვანესია, როგორც სურსათის უვნებლობის რისკების შეფასებისთვის, ისე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, კვებისა და ნუტრიციის პოლიტიკის ეფექტიანი დაგეგმვისთვის.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს




