„ბატონმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ქალბატონ წულუკიანთან დებატებში გახარია გამარჯვებული გამოვიდა და ჩვენ თქვენ უკვე დაგამარცხეთო. მე დიდი ეჭვი მაქვს და ამბიციაც, რომ თქვენზე კარგად ვიცნობ გახარიას და მოვიგეთ თუ წავაგეთ მასთან დებატები ამას ხალხი წყვეტს, ვინც თვალს გვადევნებდა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის გიორგი შარაშიძის განცხადებას.

 როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე მოსვლას არ აპირებდა, ბრიფინგი ჰქონდათ პარტიაში ჩანიშნული, თუმცა როცა გადაწყვეტილება შეცვალა დაცვის თანხლებით მოსვლა მოითხოვა.

„როგორც კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება მივიღე, რომ თუ ადამიანს  შიში თუ შფოთვა ჰქონდა,  დაცვასთან ერთად მოსულიყო,  არ იყო პრობლემა. ასეთ შემთხვევაში, მე ბატონ გიორგის ადგილზე ცოტა ნაკლებად ომახიანად ვილაპარაკებდი რაღაც ტიპის „უხორცობასა“ და „უშიშრობაზე“. როდესაც დაცვა მოვიდა, შედგა საუბარი იმის თაობაზე, რომ ეს დაცვა იარაღით აპირებდა პარლამენტში შემოსვლას. აქაც კითხვის ნიშანი მიჩნდება - ვისგან ვიცავდით ამ ადამიანს იარაღით? იმიტომ რომ,  ცნობილია და მითუმეტეს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრებისთვის უნდა იყოს ცნობილი, რომ მე არ მაქვს გაფორმებული იარაღი, მითუმეტეს, ტარების უფლებით და ასე ვთქვათ „არ ვისვრი“. ასევე იყვნენ კომისიის წევრებიც“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რაც კომისიის დაკვნაშიც წერია, რომ  გიორგი გახარიამ თავისი ერთპიროვნული და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით საქართველოს  ძალიან დიდი ტერიტორია დაუკარგა, რომელსაც დღეს ოკუპანტი სახელმწიფო - რუსეთი აკონტროლებს და რომ არა ეს გადაწყვეტილება, დღეს იქ სხვა ვითარება იქნებოდა.

„ბოლოს იმდენი გავაკეთეთ, რომ დებატის შედეგი დადგა - გავაქციე ეს ადამიანი ქვეყნიდან და რომელი დებატის წაგებაზეა საუბარი, არ ვიცი.  ამიტომ,  ბატონო გიორგი, მე გელოდებით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან დებატებზე მიბრძანდებით დაცვისა და იარაღის გარეშე და დაუჯდებით ჩვენი პარტიის წარმომადგენელს, თუნდაც გუშინ პოლიტიკაში მოსულს, რომელიც თქვენზე ძლიერი იქნება“, - მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი შარაშიძეს.