ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ.
1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
ბავშთვა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.
დღეს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
12:00-დან 16:00 საათამდე ბაღში მოსულ ვიზიტორებს ეკოშემეცნებითი აქტივობები, მცენარეების დარგვის მასტერკლასი, ჯამბაზის წარმოდგენა, ხატვის მასტერკლასი და სხვადასხვა გასართობი აქტივობა ელოდებათ.
ამ დღესთან დაკავშირებით, ბაღში შესვლა ყველა ვიზიტორისთვის იქნება უფასო.
ასევე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო გასართობი აქტივობებია დაგეგმილი. ცენტრალური ღონისძიება გაიმართება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სივრცითი აქტივობები, გასართობი შოუ პროგრამები, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენები და სხვ.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება საბავშვო კონცერტი. აღნიშნულ ლოკაციაზე 15:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება: ღია ბიბლიოთეკა, კინო კუთხე - ჟოზეს ანიმაციური ფილმების ჩვენება, სპორტული აქტივობები, ქალაქ თბილისის მერიისა და ეროვნული სასახლის კუთხე, ჭადრაკის კუთხე, ამერიკული კუთხე, ხელოვნების სახლების საგამოფენო კუთხე, სახეზე მოხატვა, თექის, კალიგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ვორქშოფები, ფოტო ბასი, მეწარმეთა გამოფენა გაყიდვა, ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, არტ თერაპია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
ღონისძიება დაიწყება 15:00 საათზე, ხოლო კონცერტი - 20:00 საათზე. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.