საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი სოფელ თოხლიაურში ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის საჯარო სკოლაში ვარლამ ჩერქეზიშვილის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია, ვარლამ ჩერქეზიშვილის ბიოგრაფიის მკვლევარი, გოჩა ფერაძე და უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის წარმომადგენლები.

პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ვარლამ ჩერქეზიშვილი 1846 წლის 18 აგვისტოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში დაიბადა.

ვარლამ ჩერქეზიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში, საუნივერსიტეტო განათლების დამკვიდრების საქმეში. 

„მე, როგორც ვარლამ ჩერქეზიშვილის თანამემამულეს მეამაყება მისი ღვაწლის დაფასება და აღიარება. ჩვენ ვიმყოფებით თოხლიაურის საჯარო სკოლაში, აქ გვესწრებიან მისი შთამომავლები და სკოლის მოსწავლეები, რომლებიც აუცილებლად გაეცნობიან ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ვარლამ ჩერქეზიშვილის შემოქმედებით მემკვიდრეობას. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ჯაბა სამუშიას, მკვლევარს, ბატონ გოჩა ფერაძეს და ყველა სტუმარს, რომელთა აქტიური მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა დღევანდელი დღის ორგანიზება". -
აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.

ვარლამ ჩერქეზიშვილის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საკრებულოს თავჯდომარე, ალექსი გილაშვილი, პირველი მოადგილე გოჩა ჩერქეზიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა ფანოზიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.