საქართველოს საპენსიო ფონდის  2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 769 ათასი ადამიანია.

ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35,793-მა  პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 185,189,254.01 ლარი.

აგვისტოს ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 10.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა, ხოლო ჯამურმა სარგებელმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

აგვისტოში საპენსიო ფონდის ორი პორტფელის, დაბალანსებულისა და დინამიკურის, შექმნიდან სამი წელი გავიდა. თავისი არსებობის პერიოდში ორივე პორტფელმა მნიშვნელოვნად მაღალი მომგებიანობა აჩვენა, რაც, დიდწილად, მათში საერთაშორისო აქციების მაღალ წილს უკავშირდება.

 2023 წლის აგვისტოდან 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, საპენსიო ფონდის პორტფელების მომგებიანობა შემდეგნაირია:

დინამიკური პორტფელი - ნომინალურმა კუმულატიურმა ამონაგებმა 50.9% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში ინფლაციით გათვალისწინებული რეალური ამონაგები 34.2% იყო (გაწლიურებული ნომინალური: 14.3%, ხოლო რეალური 10.0%);

 დაბალანსებული პორტფელი - ნომინალურმა კუმულატიურმა ამონაგებმა 46.2% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში ინფლაციით გათვალისწინებული რეალური ამონაგები 30.0% იყო (გაწლიურებული ნომინალური: 13.2%, ხოლო რეალური 8.9%);

კონსერვატიული პორტფელი - ნომინალურმა კუმულატიურმა ამონაგებმა 41.4% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში ინფლაციით გათვალისწინებული რეალური ამონაგები 25.7% იყო (გაწლიურებული ნომინალური: 11.9%, ხოლო რეალური 7.7%); აღსანიშნავია, რომ კონსერვატიული პორტფელის მომგებიანობამ 2019 წლის 1-ლი იანვარიდან 113.8% შეადგინა, ხოლო ინფლაციის გათვალისწინებით რეალურმა ამონაგებმა 40.5%-ს მიაღწია. გაწლიურებული მაჩვენებლები, შესაბამისად, 10.4% და 4.5%-ია.

2026 წლის აგვისტოში საპენსიო ფონდის პორტფელების შედეგებს ხელი შეუწყო საერთაშორისო აქციების ბაზრების აღდგენამ და ადგილობრივი ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების პოზიტიურმა წვლილმა. ივლისის კორექციის შემდეგ, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული კაპიტალური დანახარჯების მდგრადობის მიმართ ნდობის გაუმჯობესებამ საერთაშორისო აქციების ბაზრები გაზარდა, განსაკუთრებით ძლიერი შედეგები კი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ კორეაში დაფიქსირდა. ამავდროულად, ლარის აშშ დოლართან მიმართებით დაახლოებით 0.54%-იანმა გამყარებამ ნაწილობრივ შეამცირა უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები.

შედეგად, აგვისტოში საუკეთესო შედეგი დინამიკურმა პორტფელმა აჩვენა და 1.96%-ით გაიზარდა, რაც საერთაშორისო აქციებში მის უფრო მაღალ წილს უკავშირდება. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელები, შესაბამისად, 1.57%-ით და 1.18%-ით გაიზარდა. კონსერვატიულ პორტფელზე საერთაშორისო ბაზრების აღდგენა შედარებით ნაკლებად აისახა, პორტფელში აქციების დაბალი წილის შედეგად.
აგვისტოში დაფიქსირებული 0.40%-იანი თვიური ინფლაციის ფონზე, სამივე პორტფელმა დადებითი რეალური თვიური შემოსავალი დააფიქსირა. დინამიკური პორტფელის რეალურმა შემოსავალმა 1.55% შეადგინა, დაბალანსებულის და კონსერვატიულის კი 1.16% და 0.77%, შესაბამისად.

სამივე პორტფელი წლის დასაწყისიდანაც მაღალ მომგებიანობას ინარჩუნებს, სადაც კვლავ დინამიკური პორტფელი ლიდერობს:
🔹 დინამიკური – 9.55% (რეალური მომგებიანობა ინფლაციის გათვალისწინებით: 5.06%)
🔹 დაბალანსებული – 8.87% (რეალური: 4.40%)
🔹 კონსერვატიული – 8.06% (რეალური: 3.62%)

აგვისტოს ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 10.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა, ხოლო ჯამურმა სარგებელმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ფონდის აქტივების, საინვესტიციო პორტფელების განაწილებისა და შედეგების დეტალური მიმოხილვისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ინტერაქტიულ ანგარიშებს