აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საქმიანობას გაეცნო.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონის ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და ეკოსისტემის დაცვის მიზნით ინსტიტუტის მხარდაჭერა მთავრობის პრიორიტეტია. მისივე განცხადებით, აქტიურად გაგრძელდება ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და მეცნიერებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ ყურადღება გაამახვილა თემატური კონფერენციების ორგანიზების ხელშეწყობაზეც, რაც მეცნიერებს კვლევის შედეგების წარდგენის, გამოცდილების გაზიარებისა და სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას მისცემს.
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი თანამედროვე სტანდარტების შენობის მშენებლობა აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა. ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება - ამჟამად მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს სათბურის მშენებლობა, რომლის დასრულებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.
კვლევით ინსტიტუტში აქტიურად მიმდინარეობს ბიომრავალფეროვნებისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით კვლევები, მათ შორის - აჭარისა და აჭარა-ლაზეთის ენდემური მცენარეული სახეობების სიღრმისეული შესწავლა. ასევე, მეცნიერები ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო კულტურებსაც იკვლევენ და მუშაობენ ციტრუსოვანთა ნარგავების გამოყვანასა და ხორბლის გამძლე ჯიშების აღიარებაზე.
ინსტიტუტის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი კოლხეთის ტორფნარებისა და ჭარბტენიანი ეკოსისტემების შესწავლაა. ამ მიმართულებით ჩატარებულმა კვლევებმა ხელი შეუწყო კოლხეთის ტორფნარების საერთაშორისო აღიარებასა და იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას.
ინსტიტუტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე, მიმდინარე საკითხებთან ერთად, განხილული იქნა სხვადასხვა აქტუალური საკითხი, რომლებზე რეაგირების შესაძლებლობებზე ისაუბრეს აჭარის განათლების და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ.