აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში აქტიური ტურისტული სეზონის შედეგებს გაეცნო და ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს და თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვიზიტორთა მაღალ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი რეგიონის ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად რჩება და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა 10% ზრდა ფიქსირდება. ასევე გამოიკვეთა ბოტანიკური ბაღის პოტენციალი უმასპინძლოს მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმებს, სამეცნიერო კონფერენციებსა და გარემოსდაცვით სიმპოზიუმებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის განახლების აუცილებლობასაც, ზურაბ პატარაძის განცხადებით, ეტაპობრივად მოხდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ციფრული ტექნოლოგიების - მათ შორის QR კოდებისა და ელექტრონული სერვისების დანერგვა. ასევე, ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში დაგეგმილია ახალი ტურისტული სამარშრუტო გზის მოწყობა. ზურაბ პატარაძემ ბაღის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების ერთიანი ხედვით შესაძლებელი გახდება ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს ბაღის ტურისტული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ფუნქციების გაძლიერებას.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ალპური ბოტანიკური ბაღის განვითარების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ბაღის გაძლიერება პირდაპირ უკავშირდება კურორტ გოდერძის, მწვანე ტბის, შავი ტბისა და ბეშუმის ტურისტულ განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს მაღალმთიანი აჭარის ეკონომიკურ გაძლიერებასა და ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას.
მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერთან ერთად ბაღის ჩრდილო-ამერიკული განყოფილების გიორგი გაბრიჩიძის სახელობის ზღვისპირა პარკში, სიმბოლურად, საკმევლის ფიჭვი დარგო.