"დღეს დილით დამიკავშირდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურიდან გამომძიებელი და მორიგ ჯერზე გვაცნობეს, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ. გასაოცარია, ნიკა მელიას უპირებენ წაუყენონ მორიგი ბრალდება" - ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა "ტვპირველთან" განაცხადა.
"უკვე სათვალავი აგვერია, საქმე შეეხება კვლავ მოსამართლის შეურაცხყოფის ეპიზოდს, რომელიც თითქოსდა მოხდა რამდენიმე თვის წინ, გაზაფხულზე, ჩატარებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, მოსამართლე ქოჩქიანთან მიმართებით. აბსოლუტურად გაუგებარია, ჩვენ ყველანი ვესწრებოდით აღნიშნულ პროცესს, იქ მსგავსი არავითარი ინციდენტი ნიკა მელიას მხრიდან, ყოველ შემთხვევაში, მე არ დამიფიქსირებია." - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
ასევე ადვოკატის თქმით, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სამედიცინო გამოკვლევების გამო, პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა ვივა-მედში გადაიყვანეს. თუმცა მისი ჯანმრთელობის შესახებ არ აქვს უფლება გაავრცელოს ინფორმაცია.




