„როგორც ჩანს, სუს-მა უთხრა „ქართულ ოცნებას“ და იმ ცალტვინა პრეზიდენტს, უფრო სწორად, თავის თავს პრეზიდენტს რომ ეძახის, იმ კაცს, რომ ჩვენ დღეს გადაწყვეტილი გვქონდა, 13:00 საათზე გვექნებოდა პრეზენტაცია, ამ განცხადებას გავაკეთებდით და უნდოდათ ამ პოზიციის დაზიანება. - ამის კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

"ყაველაშვილის ეს განცხადება, ამაზრზენი და უზნეო შეთავაზება ნიშნავს, რომ ეშინიათ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის, ეშინიათ მარცხის დიდ ქალაქებში. ეს არის ფაქტი. გუშინდელი განცხადება არის ამის დასტური. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რისიც ეშინია „ქართულ ოცნებას“. ჩვენ შევდივართ საარჩევნო ბრძოლაში, ვიცით, ეს არ არის იოლი გასეირნება, არავინ არაფრისგან დაზღვეულები არ ვართ ამ საარჩევნო პერიოდში, პირიქით, ვიცით, რომ დიდი რეპრესიები იქნება, ზეწოლა იქნება, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩვენი წინაპრები ბრძოლაში ფარ-ხმალს არ ყრიდნენ და მტერს ზურგს არ აჩვენებდნენ. იმავეს ვაპირებთ ჩვენც. ჩვენ შევდივართ ბრძოლაში და არ ვაპირებთ, ფარ-ხმალი დავყაროთ. ჩვენი გადასახედიდან, ბოიკოტი არაფერი არ არის, ჩვენ ვირჩევთ არა არაფერს, არამედ ვირჩევთ ბრძოლას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, "ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: 

"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე."

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს. - ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს