თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტომ (TGA) 2026 წლის 18 ნოემბერს, ანტალიაში COP31-ის ფარგლებში, მწვანე ზონაში ღონისძიება – „ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის დღე“ გამართა. შეხვედრებში მონაწილეობდნენ თურქეთისა და სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები.

COP31 საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სახელმწიფოთა წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეცნიერებს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და ერთობლივი ვალდებულებების კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნაა.

კლიმატის ცვლილების მზარდი გავლენის ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტურიზმის მდგრად განვითარებას. როგორც აღინიშნა, სექტორის მომავალი ბუნებრივი და კულტურული რესურსების დაცვაზე, მდგრადი ინვესტიციების წახალისებასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერებაზეა დამოკიდებული.

ამ საკითხების გათვალისწინებით, TGA-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიების მიზანი იყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის თურქეთის გამოცდილების გაზიარება და ტურიზმის სექტორის სამომავლო განვითარების გზებზე მსჯელობა.

მდგრადი ტურიზმის მომავალი - ოთხი თემატური პანელი

„ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის დღის“ პროგრამა ხუთი სესიისგან -გახსნის ღონისძიებისა და ოთხი თემატური პანელისგან შედგებოდა. შეხვედრებში მონაწილეობდა 20 მომხსენებელი, ოთხი მოდერატორი და სამი მთავარი სპიკერი.

პანელებზე განიხილეს მდგრადი ტურიზმის განვითარების ეროვნული მოდელები, სასტუმროებისა და ინფრასტრუქტურის მდგრადი ინვესტიციები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, გასტრონომიის როლი და გარემოსდაცვითი მიდგომების დანერგვა ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებაში.

ღონისძიება 13:30 საათზე გაიხსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოს (TGA) საბჭოს წევრმა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის წარმომადგენელმა ეჯე თონბულმა, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა შიჯუნ ლიუმ და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ევროკავშირისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიოზდე შაჰინმა.

პირველი პანელის – „მდგრადი ტურიზმის ტრანსფორმაციის ეროვნული მოდელის შექმნა“ ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ტურიზმის მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგიები, სექტორში მიმდინარე ცვლილებები და საერთაშორისო გამოცდილება.

მეორე პანელი მდგრად ინვესტიციებს, სასტუმროებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ინოვაციური გადაწყვეტილებების მნიშვნელობას დაეთმო. მომხსენებლებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე მიდგომებმა ტურიზმის სექტორის გრძელვადიან განვითარებას შეუწყოს ხელი.

მესამე პანელზე ყურადღება კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას, ასევე გასტრონომიის როლს დაეთმო. მონაწილეებმა განიხილეს, როგორ შეიძლება კულტურული ფასეულობების დაცვა და ადგილობრივი კულინარიული ტრადიციების პოპულარიზაცია მდგრადი ტურიზმის განვითარებას ემსახურებოდეს.

პროგრამის ბოლო, მეოთხე პანელი საერთაშორისო ტურისტული კომპანიების გამოცდილებასა და მდგრადი პრაქტიკის დანერგვას შეეხებოდა. განხილვის მთავარი თემები იყო კომპანიების გარემოსდაცვითი პოლიტიკა, ტურიზმის სფეროში მიმდინარე ცვლილებები და მდგრადი მიდგომების დანერგვა მომსახურების ყველა ეტაპზე. პანელში მონაწილეობდნენ Expedia-ს, Booking.com-ის, DERTOUR Group-ის, Intrepid Travel-ისა და easyJet-ის წარმომადგენლები.

ტურიზმისა და კლიმატის ცვლილების საკითხები COP31-ის ლურჯ ზონაშიც განიხილეს

18 ნოემბერს, COP31-ის ფარგლებში, თურქეთის პავილიონში, ლურჯ ზონაშიც გაიმართა შეხვედრები. მონაწილეებმა იმსჯელეს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე, ნარჩენების შემცირებაზე, ელექტრიფიკაციასა და მდგრად ინვესტიციებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანი, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი შიჯუნ ლიუ, ბრაზილიისა და აზერბაიჯანის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები.

COP31-ზე ანტალიის კულტურული მემკვიდრეობა წარმოაჩინეს

კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო სტუმრებს ანტალიის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასაც აცნობენ.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, მეჰმეთ ნური ერსოის განცხადებით, განახლებული ანტალიის არქეოლოგიური მუზეუმი ვიზიტორებისთვის 2027 წელს გაიხსნება. ამასთან, სიდეში მუზეუმების ღამის ტურები გრძელდება.

ანტალიას 40-ზე მეტი საერთაშორისო წარმომადგენელი ეწვია

COP31-ის ფარგლებში გამართული გაცნობითი ტურის მონაწილეებს შორის იყვნენ კონგრესებისა და გამოფენების ორგანიზატორები, ტუროპერატორები ახლო აღმოსავლეთიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან და ევროპიდან, ასევე ონლაინ ტურისტული პლატფორმებისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები.

სტუმრებმა დაათვალიერეს ანტალიის EXPO-ს კომპლექსი და გაეცნენ ქალაქის ტურისტულ პოტენციალსა და საერთაშორისო კონგრესების, გამოფენებისა და ბიზნესღონისძიებების მასპინძლობის შესაძლებლობებს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და TGA-ს ინიციატივები მიზნად ისახავს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, მდგრადი ტურიზმის გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.