სომხურ-ქართული ტრადიციული მეგობრობა დიდი კავშირების შესაძლებლობას გვაძლევს, რასაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვენს ურთიერთობებს, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.
„მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრები. წინა თვეში თბილისში იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აბრეშუმის გზის ფორუმში. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მალე ეწვევა საქართველოს. ჩვენს უწყებებს შორის ურთიერთობა კი ყოველდღიურია და ყველა სფეროს მოიცავს – ეკონომიკიდან უსაფრთხოებამდე, განათლებიდან კულტურამდე და ადამიანთა შორის ურთიერთობები, კავშირები, ვიზიტები. ჩემი კოლეგის მიერ ჩამოთვლილი სფეროები რომ არ გავიმეორო, ერთ მიმართულებაზე შევჩერდები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და მოითხოვს უფრო დიდ ყურადღებას – ეს არის ურთიერთდაკავშირებადობა. როცა ვამბობ ურთიერთდაკავშირებადობას, ვგულისხმობ, როგორც მაკრო, ისე მიკრო დონეებს. რეგიონში გზების გახსნას სომხეთსა და საქართველოს შორის, ეკონომიკურ კავშირებს, ადამიანთა შორის ურთიერთდაკავშირებას, თანამშრომლობას ბიზნესსა და სხვა სფეროებში. ამ ურთიერთდაკავშირებადობას დიდი მოთხოვნილება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონის თითოეული ქვეყანა და მთლიანად რეგიონი, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, დაკავშირებული უნდა იყოს ერთმანეთთან და კავშირები სხვა რეგიონებთან უნდა გაამყაროს.
„ამ კონტექსტში სიახლე არ არის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ეს პროექტი საქართველოში წარმოადგინა. მშვიდობა, რომელიც დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, აშშ-ის პრეზიდენტის თანხლებით, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. ჩვენი რეგიონი ნამდვილად შეძლებს, გადაიქცეს გზაჯვარედინად. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ინფრასტრუქტურების განბლოკვა, სომხეთის ტერიტორიაზე „ტრამპის გზა“, საერთაშორისო განვითარების პროგრამის, ტერიტორიული მთლიანობის და სხვადასხვა პრინციპზე დაყრდნობით, გვაძლევს წინსვლის ბევრ შესაძლებლობას და ამის შედეგად დამყარდება სიმშვიდე“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.
მისი თქმით, საქართველოს რკინიგზის გამოყენებით ერთმანეთს დაუკავშირდება ევროპა და ცენტრალური აზია.
„სომხეთის ხედვა ასეთია, რომ მთელს მსოფლიოსთან გვქონდეს კავშირი. სომხურ-ქართული ტრადიციული მეგობრობა ძალზედ დიდი კავშირების შესაძლებლობას გვაძლევს, რასაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვენს ურთიერთობებს. სტრატეგიული პარტნიორობით უნდა შევძლოთ ურთიერთდაკავშირებადობის გაღრმავება. დღეს, კოლეგასთან ერთად, განვიხილეთ ეს მიდგომა და ვფიქრობ, არის ორმხრივი ურთიერთსასარგებლო გაგება. ბუნებრივია, ბიზნეს წრეების საკითხებიც განვიხილეთ და ამ საკითხშიც მივაღწევთ შეთანხმებას. ჩვენს ხალხებს შორის კავშირი გამოიხატება ასევე კულტურის სფეროში. სომხეთში და საქართველოში კულტურის დღეების ჩატარებას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების პარალელურად, ხაზგასასმელია ჩვენს უწყებებს შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ურთიერთობა. ვისაუბრეთ ასევე, სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობების შესახებ. მომდევნო წელს, გაზაფხულზე, ვიქნებით ევროპული პოლიტიკური წრეების სამიტზე. მინდა, მადლობა მოვახსენო ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთკავშირების გაღრმავების და წინ წაწევისთვის“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.




