თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. 

"ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს სხდომა ჩაიწერება და საზოგადოებას ექნება საშუალება, გაეცნოს ამ სხდომას, მის მიმდინარეობას, შინაარსს. ეს არის მკაფიო მაგალითი, როგორ შეიძლება გათელო კანონის უზენაესობა ფეხქვეშ. აბსოლუტურად დაუქვემდებარო პროკურატურა, სასამართლო პოლიტიკურ ნებას. პირდაპირ გეტყვით, რომ არ სჭირდება თეორიული ცოდნა იმას, რომ კონსტიტუციის 42 მუხლით განსაზღვრულია საგამოძიებო კომისიის შედგენის წესი, სადაც წერია შავით-თეთრზე, რომ მინიმუმ 50% საგამოძიებო კომისიის უნდა შედგებოდეს ოპოზიციის წევრებისაგან, ანუ ოპოზიციური პარტიების წევრებისაგან. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საგამოძიებო კომისია არამხოლოდ არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს, არამედ პირდაპირ გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. რადგან კონსტიტუციამ ეს იმპერატიული მოთხოვნა განსაზღვრა იმისთვის, რომ ერთმა პარტიამ არ გამოიყენოს საგამოძიებო კომისია მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის. ჩვენ ახლა რასაც ვაკვირდებით, ეს არის ე.წ. საგამოძიებო კომისიის გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ამაზე იყო საუბარი. დარღვეულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მოთხოვნა, დარღვეულია თვითონ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა.

ანუ, უკანონო კომისიამ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. ამავდროულად მოთხოვნილ იქნა იმ ადამიანების მოწმედ დაკითხვა, რომელთაც მოითხოვეს ჩემი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ანუ ვინც იჩივლა პროკურატურაში, იმ ადამიანების მოწმედ დაკითხვაზე უარი თქვა პროკურატურამ და შესაბამისად, სასამართლომაც. იმიტომ რომ მათი მოყვანა მოწმეებად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გამოკითხვისას გამოვლინდება კიდევ ერთხელ, თუ როგორ ფეხქვეშ გაითელა კანონის უზენაესობა. მაგრამ ამ ადამიანებს პროკურატურა სპეციალურად არ იბარებს მოწმეებად, სასამართლოც პრაქტიკულად დაქვემდებარებულია პროკურატურაზე და დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა პროკურატურას. ასე რომ, სახეზე გვაქვს ყველა შესაძლო ბრალდება, რაც შეიძლება განხორციელდეს.

ცხადია, მოსალოდნელიც იყო, რომ სასამართლო დააკმაყოფილებდა პროკურატურის ბრალდებას, რომ არსებით განხილვაზე გადაეცეს, მაგრამ იმდენად დიდია ეს დარღვევები, ჩემი აზრით, ეს არის მკაფიო, თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოექცე მართლმსაჯულებას, როგორ შეიძლება მართლმსაჯულება გადააქციო პოლიტიკური ნების აღსასრულებლად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, ეს იცოდეს საერთაშორისო საზოგადოებამ, თუ რა ვითარებაა შექმნილი, როდესაც ერთი პარტია იყენებს ყველა ინსტიტუციას მისი ნების აღსასრულებლად“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა.

 თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ "ლელოს" ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.  ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა. 

ასევე,  2025 წლის 2 აპრილის იგივე ბრალდებით, მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა