ბათუმში ძლიერი ქარის შემდეგ, სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა - რთულ მონაკვეთებზე მუნიციპალურ სამსახურთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებიც. 

ძლიერმა ქარმა რამდენიმე ქუჩაზე დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ასევე ავტომობილები. ბათუმის მერიის ინფორმაციით, უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების შესახებ ღამის განმავლობაში შეტყობინება აღარ დაფიქსირებულა.

"ძლიერი ქარის შედეგად გორგასლის ქუჩაზე დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავი. სახურავის ვარდნის შემდგომ დაზიანდა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე და რამდენიმე ავტომობილი. მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და გადაყვანილი არიან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ამ ეტაპისთვის ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე აღინიშნება რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავის სხვადასხვა სახის დაზიანებები. ხე-მცენარეების ნაწილში დაზიანებები სრულად არის აღმოფხვრილი შესაბამისი სამსახურის მიერ. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურებთან ერთად ახორციელებს სრულ მონიტორინგს ქალაქის მასშტაბით", - აცხადებს ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი აკაკი ბერიძე.