თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს VIII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, საბურთალოს რაიონის (ვეძისი, ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგი, გოთუა) მაჟორიტარმა ბექა მიქაუტაძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ანგარიშში ასევე ვრცელი ადგილი საკრებულოს წევრის სამაჟორიტარო ოლქში წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას დაეთმო.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრმა ბექა მიქაუტაძემ ანგარიშის წარდგენისას თბილისის საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციაში საკუთარი აქტივობა დაწვრილებით მიმოიხილა.
ანგარიშის წარდგენისას ბექა მიქაუტაძემ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ 39 პროგრამა-ქვეპროგრამაზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამა-ქვეპროგრამების დაფინანსებისთვის 195 819 800 ლარი არის გამოყოფილი.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ ორგანიზებულ სხდომებსა და განხილულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა, რომლებზეც შესაბამისი ოქმები და დასკვნები მომზადდა.
ანგარიშში ცალკე ადგილი დაეთმო საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ კომისიის სხდომებზე მიღებულ დადგენილებებსა და განკარგულებებს.
ანგარიშის წარდგენისას ბექა მიქაუტაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით გამართულ არაერთ აქტივობას. მან ღონისძიებები, დაჯილდოებები, ოფიციალური შეხვედრები, უცხოელ სტუმრებსა და დელეგაციებთან ვიზიტები და ურთიერთობა დაწვრილებით მიმოიხილა.
საკრებულოს წევრის ანგარიშში საკმაოდ ვრცელი ადგილი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას დაეთმო.
ბექა მიქაუტაძემ სამაჟორიტარო რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ, მათ შორის საჯარო სკოლების, კეთილმოწყობის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების, ავარიული სახლების ჩანაცვლების და სხვა პროექტებზე დეტალურად ისაუბრა.
ანგარიშის თანახმად, წარმომადგენლობა აქტიურად თანამშრომლობს როგორც ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან, სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან.
„საანგარიშო პერიოდში კონსულტაცია გაეწია 150 მოქალაქეს და სამაჟორიტარო რაიონში 2 275 ადამიანის მკურნალობისთვის გამოყოფილია 794 205 ათასი ლარი, 2 150 ადამიანს მედიკამენტები დაუფინანსდა 395 394 ათასი ლარით, 3 381 ადამიანმა მიიღო ერთჯერადი დახმარება 643 500 ათასი ლარი, 212 ადამიანს გადაერიცხა თავშესაფარი / ქირა 1 601 170 ათასი ლარი და სხვა“, - ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება სამაჟორიტარო რაიონში განხორციელებულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 29 ქუჩაზე დაიგო 19 407 მ² ასფალტის საფარი, 8 100 მ² ფართობზე ჩატარდა 31 სკვერის რეაბილიტაცია, განახლდა და მოეწყო ახალი სპორტული მოედნები და რეკრეაციული სივრცეები.
ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, თბილისის საკრებულოს და საქართველოს პარლამენტის წევრები, საბურთალოს მცხოვრებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.