ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში „ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უკვე მეორე წელია ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები იმართება, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.
„ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი“ უკვე მესამედ გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-მდე მეღვინეობა - მსხვილი მწარმოებლები, მცირე და საშუალო, მათ შორის საოჯახო, მარნები მონაწილეობდნენ.
ფესტივალს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე დაესწრნენ.
„ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და პოპულარიზაცია ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია ბოლნისის ფესტივალი, რომელიც სხვა ფესტივალებისგან განსხვავდება იმ თვალსაზრისით, რომ მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს მასპინძლობს, თუმცა, რა თქმა უნდა, პოპულარიზაციას უწევს ზოგადად ქართულ ღვინოს.
დღეისათვის, საქართველოში 32 ადგილწარმოშობის ღვინოა რეგისტრირებული, რაც ქართული ვაზის ჯიშებისა და ღვინოების მრავალფეროვნებასა და უნიკალურობაზე მიუთითებს. მოხარული ვართ, რომ ბოლნისის ფესტივალმა ტრადიციული სახე მიიღო და მონაწილეთა და სტუმრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ფესტივალის ფარგლებში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტებით ჩატარდა ადგილწარმოშობის ღვინოების კონკურსი. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურის წევრებმა დიდი ოქროს, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები გამოავლინეს.
ფესტივალს ევროპის ქვეყნებიდან ღვინის იმპორტიორები, ექსპერტები, ბლოგერები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
„ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალის“ წარმდგენია კომპანია „არემჯი. ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ფესტივალის მხარდამჭერები არიან მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, საქპატენტი და ბოლნისის აგროცენტრი.