საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ურყევი პარტნიორობა და საერთო სტრატეგიული მიზნები. ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში განუყოფელია რეგიონული სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და გარემოს დაცვის საერთო დღის წესრიგისგან.
აზერბაიჯანში ვიზიტის გრაფიკი საკმაოდ დატვირთული იყო. პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025 ჩვენი მხარდაჭერით და ორგანიზებით საქართველოს ეროვნული პავილიონია წარმოდგენილი. პავილიონს ესტუმრა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.
ჩვენი მიზანია, საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენებზე. ასეთი პლატფორმები გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველოს პოტენციალი ფართო საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ და გავზარდოთ ექსპორტის შესაძლებლობები.
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო კლიმატის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელთან მუხტარ ბაბაევთან შეხვედრა, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია არსებული კავშირების გაძლიერების გზაზე. შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გატარებული ეროვნული და
რეგიონული პოლიტიკის საკითხები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები დეტალურად განვიხილეთ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც სოფლის მეურნეობის განვითარება ბუნების დაცვის კუთხით იქნა განხილული. სიტყვით გამოსვლის დროს, ჩემი მხრიდან ხაზი გავუსვი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალურ მნიშვნელობას და ამ პროცესში სოფლის მეურნეობის როლს.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ვიზიტის ორგანიზებისთვის და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისთვის გაწეული მუშაობისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
აზერბაიჯანის ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025 წარმოდგენილ ქართულ პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა; დავით სონღულაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში „Agriculture: Mobilizing Countries for Nature“ მიიღო მონაწილეობა და კლიმატის ცვლილების თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კლიმატის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელს მუხტარ ბაბაევს შეხვდა.