თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და  ე.წ საბოტაჟის საქმეზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 30 000-ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა. 

გირაოს თანხა 30 დღის ვაშაძემ ვადაში უნდა გადაიხადოს.

პროკურატურა გიორგი ვაშაძე საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევას ედავება.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით) და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე) მუხლებით.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო შვიდთვიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება 23 იანვარს დატოვა.