პარტია ფედერალისტების თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კიდევ ერთხელ ეხმაურება თეა წულუკიანის კომისიას და აღნიშნავს, რომ "პოლიტიკურ მასკარადში" მონაწილეობას არ მიიღებს.
მისი თქმით, ამ პარლამენტის პოლიტიკურ ლეგიტიმურობას არ ცნობს, კომისიის და რეჟიმის პროპაგანდის ამოცანად მიმდინარე კრიზისის წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირებად გარდაქმნის მცდელობად
მიიჩნევს.
"ქალბატონი წულუკიანისგან სიძულვილის, ცილისწამების და პუტინისტური პროპაგანდის მორიგი ბოდვა მოვისმინეთ: მთავაზობს, რომ ჩემი ინიციატივით გამოვცხადდე ე.წ. კომისიაზე. რეჟიმის შავრაზმული სიძულვილის წარჩინებულ მქადაგებელს ჩემთან დებატი და დისკუსია თუ სურდა, ყველა ჯერზე ინტერაქტიული დებატებისთვის თავი არ უნდა აერიდებინა, როცა პარლამენტში ვიყავი.
რაც შეეხება ამ სამარცხვინო პოლიტიკურ მასკარადს კომისიის სახით, ჩემი პოზიცია იგივე რჩება: ამ პარლამენტის პოლიტიკურ ლეგიტიმურობას არ ვცნობ, ამ კომისიის და ამ პროპაგანდის ამოცანად მიმდინარე კრიზისის წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირებად გარდაქმნის მცდელობად მივიჩნევ, რასაც არ ვაპირებ ხელი შევუწყო.
პოლიტიკური ამოცანებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება და პოლიტიკური დევნა, რაც მათ შორის ამ კომისიის გამოყენებით მიმდინარეობს და რის შედეგადაც დამატებით რამდენიმე პოლიტპატიმარი გვყავს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა.
ამავე დროს, ის, რის გამოც გრძელდება პროტესტი საქართველოში, უკავშირდება კიდევ უფრო დიდ რამეს, ვიდრე პოლიტიკურად მოტივირებული დევნაა. ის შეეხება ჩვენს საერთო მომავალს, ჩვენ სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, რომელსაც გარე მტერთან, რუსეთთან ერთად საფრთხეს ივანიშვილის რეჟიმი უქმნის.
და სულ ბოლოს - გავიმეორბი: ივანიშვილი რეჟიმი საკუთარ მომხრეებსაც დასცინის, როცა არ მიბარებს მე და იბარებს და იჭერს რეჟიმის იმ ოპონენტებს, რომლებსაც არაფერი საერთო არ ჰქონია წინა
ხელისუფლებასთან" - აცხადებს გიგა ბოკერია.