ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა ქართული ისტორიული მიწების სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე შეუძლებელია. ქართველი ხალხი ერთიანია თავის ურყევ არჩევანში - იყოს თავისუფალი, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. დღეს კი „ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს ისტორიის გაყალბებას ცდილობს. ვისმენთ ირაკლი კობახიძის განცხადებებს, თითქოს გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგად რუსეთმა საქართველო გადაარჩინა. ვისაც ამ სიცრუის ტირაჟირება სურს, შევახსენებთ: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ სხვა უბედურებებთან ერთად, სწორედ რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ასევე გააუქმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა ის რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, "გახარია საქართველოსთვის" პარტიის 
საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ფარულავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

"18 წლის წინ, რუსეთი კიდევ ერთხელ, ღიად შემოიჭრა საქართველოში, მანამდე, გასული საუკუნის 90იან წლებში ყველას გვახსოვს რუსეთის აგრესია აფხაზეთსა და ცხინვალი რეგიონში. ეს დღეები ეროვნული ერთიანობისა და ღირსების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, თუმცა, სამწუხაროდ, საზოგადოების კიდევ უფრო დასაპირისპირებლად გამოიყენეთ.

ხელისუფლების თუ ცალკეული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან მოვისმინეთ მავნებლური განცხადებები ომის დაწყების თარიღებსა თუ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ აზიანებს ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს და აღრმავებს პოლარიზაციას.

რუსეთის აგრესია დღესაც გრძელდება - მოსკოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ანექსიის პროცესი ღიად დააჩქარა. ამის ფონზე, „ოცნება“, საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის ნაცვლად, მიმდინარე ანექსიას პასუხობს დანაშაულებრივი დუმილით, ომის დაწყებას საკუთარ ქვეყანას აბრალებს და სტრატეგიულ პარტნიორებს ესხმის თავს! ამ ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკას ოკუპანტი რეჟიმი ჩვენსავე წინააღმდეგ იყენებს და კიდევ უფრო აძლიერებს ჰიბრიდულ ომს. დღეს, უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა ოკუპაციაზე, მაგრამ ერთხელ არ უხსენებია რუსეთი - როგორც ოკუპანტი.

ამ ყველაფრის პარალელურად, პასუხგაუცემელი რჩება უმნიშვნელოვანესი კითხვები: როგორ, რა გზითა და რა მიზნით განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა? „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი მკაფიოდ კრძალავს ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას სპეციალური თანხმობის გარეშე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველა რეალურ ჰუმანიტარულ ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი აფხაზი დებისა და ძმების ყოფის გაუმჯობესებას. სწორედ საქართველო და ჩვენი ევროპული ინტეგრაცია არის ერთადერთი მშვიდობიანი გზა მათი თვითმყოფადობის, კულტურისა და ეკონომიკური კეთილდღეობის დასაცავად იმ რუსული ასიმილაციისგან, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში სრულ შთანთქმას უქადის მათ იდენტობას.

პროცესის სრული გამჭვირვალობისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, აუცილებელია ღიად და საჯაროდ გაეცეს პასუხი: 1. არსებობს თუ არა საქართველოს მთავრობის ოფიციალური სამართლებრივი აქტი და რა არის ამ ტვირთის რეალური, საბოლოო დანიშნულება? 2. ხომ არ ხდება ჩრდილოვანი ეკონომიკური გარიგებები „ჰუმანიტარული მიზნების“ საფარქვეშ?

თუ ჩვენი მოქალაქეების ბედი გაწუხებთ, აქვე შეგახსენებთ, რომ ენგურის ხიდზე ჩვენს მოქალაქეებს მკაცრად ეზღუდებათ პირადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პროდუქტების გადატანა, ხოლო შემოწმება ხშირად დამამცირებელ ფორმას იღებს.

უმძიმესია გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურობა, რომელზეც ხელისუფლებას მკაფიო, ქმედითი პასუხი და უსაფრთხოების გარანტიები არ გააჩნია.

აქვე შეგახსენებთ და მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენ მიერ ინიცირებულ რეზოლუციას რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ანექსიურ აქტთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დააფიქსიროთ საქართველოს სახელმწიფოს ურყევი პოზიცია ოკუპაციისა და ანექსიის წინააღმდეგ.

ამასთან, მზად ვართ, რეზოლუციის განხილვის პროცესში გავითვალისწინოთ თქვენი მოსაზრებები და შესაბამისი წინადადებები, მათ შორის, დოკუმენტში აისახოს 18 სექტემბერს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. არჩევნების მკაფიო დაგმობა.