ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის (2021-2025 წლები) განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი შარაბიძემ სიტყვით გამოსვლისას 2024 წლის პარლამენტისა და 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა რომ ცესკომ ბოლო ორ საერთო არჩევნებზე ფართო მასშტაბით გამოიყენა  ელექტრონული ტექნოლოგიები და ორივე არჩევნების ადმინისტრირება მაღალ პროფესიულ დონეზე, შეუფერხებლად, კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა. მისივე თქმით, ტექნოლოგიების გამართული მუშაობა და  საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან შესაბამისობა ასევე დაადასტურა ამერიკული აუდიტორული კომპანიის “Pro V&V”-ს მიერ ჩატარებულმა შესაბამისობის აუდიტმა.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნო ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება საქართველოში ჩატარებულ ბოლო ორ საერთო არჩევნებს, გამოყენებულ ტექნოლოგიებს. მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყანას თითქმის არცერთი რეკომენდაცია არ მიეცა, რაც ძალიან სასიხარულოა. საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, გააგრძელებს არჩევნების ადმინისტრირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“ - აღნიშნა განხილვის დასრულების შემდეგ გიორგი შარაბიძემ.

განხილვა 26 იანვარს ჟენევაში გაიმართა და მასში მონაწილეობდა საქართველოს  დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე - საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის წარმომადგენლები.