წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ რეჟიმი და მისი მაღალჩინოსნები აკეთებენ ყველაფერს, რომ ქართული სახელმწიფო დაადანაშაულონ ომის დანაშაულებში. ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად პარტიულობისა, განურჩევლად იმისა, თუ რომელ მხარეს წარმოადგენს, ვინც ქართულ ჯარს და ქართულ სახელმწიფოს ომის დანაშაულებში სდებს ბრალს, არის მოღალატე და არის სულელი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ქართველი ჯარისკაცები, ქართული ჯარი და ქართული სახელმწიფო იქნეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის რომელიმე ეპიზოდში დადანაშაულებული იმ ომის დანაშაულებში, რაც არ ყოფილა ჩადენილი. მე არ ვაპირებ, ჩემთვის უინტერესო კერძო პირების პატრიოტიზმის და ანტირუსული თუ პრორუსული განწყობების შეფასებაში შესვლას, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, მნიშვნელოვნად მივიჩნევ, ვთქვა, რომ ნებისმიერი მხარე, ნებისმიერი პარტია და პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ჯარს დაადანაშაულებს ომის დანაშაულებში, არის ან სულელი, ან მოღალატე. ასეთი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ, არაერთი გვახსოვს“, – განაცხადა გეგელიამ.