„ერთი და იგივე კანონპროექტი, რომელიც მთელ მსოფლიოში დადის, სხვა ქვეყნებში ევროპულია და საქართველოში - რუსული“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის მიერ აგენტების შესახებ კანონპროექტზე მუშაობის დაწყებით საზოგადოებამ დაინახა, რეალურად ვინ იდგა 7-8 მარტის აქციების უკან და რა მიზანი ამოძრავებდა. 

 „უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კანადაში  დაიწყეს, მერე ჩეხეთში, ახლა კი საერთოდ  ევროკავშირში იღებენ. აბსოლუტურად ვეთანხმებით იმ მიზანს და მოტივაციას, რაც ამ კანონპროექტის განმარტებით ბარათში უწერია ევროკომისიას, რომ უცხოური ძალების, სხვა სახელმწიფოების მხრიდან არსებული დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მაგრამ, აქ ერთი კითხვა იბადება - ეს დალოცვილი კანონი თუ ევროპას წაადგება, საქართველოს რატომ დაადგებოდა გულზე? ანუ, ერთი და იგივე კანონპროექტი, რომელიც მთელ მსოფლიოში დადის, სხვა ქვეყნებში ევროპულია და საქართველოში - რუსული. და არა მხოლოდ კანონპროექტი, ნებისმიერი რამე, რაც ევროპასა და ამერიკაში შეიძლება კარგი იყოს, ჩვენთვის თურმე რუსულია. 

თუმცა, ამ პროცესით ის არის კარგი, რომ საზოგადოებამ დაინახა, რეალურად ვინ იდგა 7-8 მარტის აქციების უკან. კანონი იქ არაფერ შუაში იყო. გახსოვთ, ალბათ, რომ პირდაპირ გვიკრძალავდნენ არათუ კანონის მიღებას, არამედ მასზე მსჯელობის დაწყებასაც, რომ საზოგადოება შინაარსში არ შესულიყო. იმიტომ, რომ უკან იდგნენ ის ძალები, რომელთაც არ აწყობდათ მათი ფინანსები გამჭვირვალე გამხდარიყო. ამიტომ, ჩვენი, „ხალხის ძალის“ მიზანია, რომ იმ დეზინფორმაციას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მძლავრი იარაღია,  დავუპირისპიროთ  ერთადერთი იარაღი - მოქალაქის ინფორმირებულობა. ამას ჩვენ ყოველთვის უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.