,,ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის სქემების და ინსტრუმენტების მნიშვნელოვან გადახედვაზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ბიზნესის იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს დგას"  - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე (GEDC) საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემაში "იმედიLIVE"  განაცხადა.

 მისივე თქმით, ახალი მიმართულებებიდან საკვანძო ადგილი ენერგეტიკის სექტორს უკავია.

„როდესაც ვსაუბრობთ ახალ სექტორებზე, გამოვყოფდი ენერგეტიკას. როდესაც ჩვენი ამოცანა არის ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება იმ ტემპით, როგორი ტემპითაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იზრდებოდა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ენერგეტიკის იმ სიმძლავრეების უზრუნველყოფა, რაც ეკონომიკურ ზრდას სჭირდება, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთელი რიგი ინსტრუმენტები და სიახლეები, მათ შორის მიკროსესხები, რომელიც ცოტა ხნის წინ გაეშვა და ძალიან მაღალი პოპულარობით და  ეფექტურობით გამოირჩევა, კიდევ უფრო გაფართოვდება. მისივე თქმით, კორპორაციისთვის მცირე ბიზნესის ხელშეწყობა კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.